REUTERS-ის ინფორმაციით, კრემლში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდებას, ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების შესახებ, ყურადღებას არ აქცევენ.
„ეს არ არის ისეთი სახის მოწოდებები, რომლებიც უნდა მოვისმინოთ“,_ განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ორშაბათს, რუსეთის მიერ მომიტინგეების დარბევა დაგმო და მოსკოვს პოლიციის მიერ დაკავებული „მშვიდობიანი“ დემონსტრანტების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
პესკოვის განცხადებით, ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ არ მოქმედებდა.
„რაც შეეხება მათ, ვინც პროვოკაციულად მოქმედებდა და კანონი დაარღვია, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ჩვენი კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედა“, _ განაცხადა პესკოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე, უარყოფითად შეაფასა.