14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე უკვე მრავალი წელია აღინიშნება, თუმცა ყოველ ჯერზე ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებსა და გამოწვევებზე გვიხდება საუბარი. მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ნაბიჯებისა, სახელმწიფო კვლავაც ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზებას და მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, _ ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მნიშნელოვანი პრობლემები არსებობს როგორც სფეროს საკანონმდებლო მოწესრიგების, ასევე არსებული რეგულაციების აღსრულების მიმართულებით.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის ძალაში შესვლიდან 3 წლის თავზე კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს კონვენციის იმპლემენტაციის ქმედითი მექანიზმის შექმნა, რაც აბრკოლებს განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებულ და ეფექტურ საქმიანობას. დღის წესრიგში დგას კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხიც.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტთან, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი სერვისებითა და პროგრამებით უზრუნველყოფა, გარემოს, ინფორმაციის, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაუყოვნებელ მოგვარებას საჭიროებს.
პრობლემების სათავეს წარმოადგენს სოციალური მოდელის დანერგვის პროცესის შეფერხება და საჭირო სტატისტიკის არ არსებობა. სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება კვლავ ინდივიდის სამედიცინო დიაგნოზს ეფუძნება. ამასთან, არ ხდება ამ პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოება და ანალიზი, რაც უზრუნველყოფდა კონვენციის ეფექტური იმპლემენტაციისთვის აუცილებელი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე, პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისას საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებას.
ბოლო პერიოდში ასევე სამწუხარო ტენდენციად გამოვლინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში. სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის/დისკრიმინაციის ხელშეწყობის არაერთი ფაქტი დაადგინა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ექვემდებარებიან გაუმართლებელ, განსხვავებულ მოპყრობას, რაც, უმეტეს შემთხვევაში, მათ ღირსებას ლახავს.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, მეტი ძალისხმევა მიმართოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ შესახებ გაეროს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ, გააძლიეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პროგრესულად რეალიზებისკენ მიმართული პოზიტიური ღონისძიებები და ხელი შუწყოს მათ დამოუკიდებლობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადეკვატურ ჩართულობას“, _ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.