თურქეთის ქალაქმა ტრაბზონმა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა კარატე-დოში, სადაც ხუთი ქვეყნის ხუთასზე მეტი სპორტსმენი იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყო ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ორი აღსაზრდელი _ გუგა ივანაშვილი და ანრი ჩხარტიშვილი. ლანჩხუთელმა კარატისტებმა საკმაოდ წარმატებულად იასპარეზეს აღნიშნულ ტურნირზე და სამშობლოში ხელდამშვენებულებიც დაბრუნდნენ.
ჩვენებური სპორტსმენების წარმატების შესახებ „გურია ნიუსთან“ მწვრთნელი მერაბ თურქია საუბრობს, რომელიც ამ ტურნირის ერთ-ერთი არბიტრი იყო.
„ანრი ახალბედა სპორტსმენია და ის ასეთი დონის ტურნირში საზღვარგარეთ პირველად მონაწილეობდა. მას ფინალური ორთაბრძოლა ქართველ კარატისტთან მოუწია და ეს ორთაბრძოლა მინიმალური სხვაობით 0:1 დათმო, შესაბამისად, ვერცხლის მედალი მოიპოვა. გუგა ივანაშვილს მესამე ბრძოლაში თურქი ეროვნების სპორტსმენთან უნდა გაერკვია ფინალში გადამსვლელის ვინაობა. მათი შეხვედრა ფრედ დასრულდა და საქმე ჰანტეიმდე მივიდა, ანუ მსაჯებს უნდა გადაეწყვიტათ, რომელი გადავიდოდა ფინალში. 2:3 ასე გაიყო ხმები და გუგა ფინალს მიღმა დარჩა, რაც გუგას აქტიურობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება იყო. საბოლოოდ, გუგა ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა“, _ აღნიშნა მერაბ თურქიამ.
მისი ინფორმაციით, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა, პირველობა კი მასპინძელთა გუნდს ერგო. თურქიას თქმით, ივლისის დასაწყისში აჭარის დედაქალაქი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, სადაც ლანჩხუთელი კარატისტებიც იასპარეზებენ.