ლანჩხუთის საკრებულოში აქტუალობას არ კარგავს საკრებულოს თავმჯდომარისთვის სამსახურებრივი ავტომობილის შეძენის საკითხი. როგორც დეპუტატები ამბობენ, მანქანა, რომელიც გოგი ხელაძეს ემსახურება, მწყობრიდანაა გამოსული და, ფაქტობრივად, შეკეთებასაც აღარ ექვემდებარება.
„გასაგებია, მანქანა გამოსულია მწყობრიდან და საკრებულოს თავმჯდომარე არ გადარდებთ, მაგრამ ხალხი მაინც შეიცოდეთ, დაღლილია ნახევარი ლანჩხუთი ამ მანქანის მიწოლით. ხან ჩიბათში აწვებიან, ხან კი _ ლესაში. ყველგან ნახავ შუა გზაზე გაჩერებულს“, _ თქვა საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატმა გიორგი ჩახვაძემ, რასაც დასტური საკრებულოს სხვა წევრებმაც მისცეს. თუმცა, თავად საკრებულოს თავმჯდომარემ დუმილი ამჯობინა.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, რომან ბიწაძის თქმით, მთავრობა მზადაა 10 ათასი ლარი გამოყოს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარისთვის მანქანის შესაძენად.
მუნიციპალიტეტის პირველი პირი ზაზა ურუშაძე საკრებულოსთვის მანქანის შეძენის ფინანსურ შესაძლებლობებს ვერ ხედავს. მისი თქმით, არც თავად ჰყავს სამსახურებრივი მანქანა, ამიტომ საკუთარი ავტომობილით სარგებლობს: „არ ვამბობ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს არ უნდა მანქანა, პირიქით, მაგრამ როგორ უნდა შევუძინოთ?! არც მე მყავს სამსახურებრივი მანქანა, მაგრამ ჩემი მანქანით დავდივარ“.