ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, ქართველი ემიგრანტების წიგნები შეგროვდა. პროექტი _ “წიგნები საქართველოდან“, საიამ “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ პარტნიორობით, აპრილში დაიწყო და დღემდე გრძელდება.
საიას მიგრაციის პროექტის აჭარა-გურიის რეგიონული კოორდინატორის, ირაკლი ვარშანიძის თქმით, წიგნების ევროპის ხუთ ქალაქში წაღება ივნისის ბოლოსთვის იგეგმება.
მისივე თქმით, წიგნები, ამ კამპანიის იდეა გაჩნდა საიას მიგრაციის პროექტის ფარგლებში ემიგრანტებთან გამართული შეხვედრების შედეგად, როცა ემიგრანტებმა ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან (პოლონეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა, იტალია), საურთიერთობო სივრცის შექმნის მიზნით, გამოთქვეს ბიბლიოთეკის შექმნის-გამდიდრების სურვილი.
გურიაში საკმაო აქტიურობა დაფიქსირდა და ასობით წიგნი შეგროვდა ქართველი ემიგრანტებისთვის. აქციაში ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების წევრები ჩაერთნენ.