“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ნადირიძე პოლიტიკური პარტიის, სამოქალაქო სექტორს და საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებზე გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
“გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, ადამიანური და მატერიალური რესურსები, შევთანხმდეთ საერთო მერის/გამგებლის კანდიდატურაზე, შევთანხმდეთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე ყველა საარჩევნო უბანზე, ყველა მათგანი შევარჩიოთ ურთიერთ შეთანხმებისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, მათი დამსახურების, კვალიფიკაციის და ავტორიტეტის გათვალისწინებით.
შევქმნათ სახელისუფლებლო ძალის და მათი სატელიტების საპირწონე ალტერნატიული გაერთიანება, დავდგეთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა, მოვიხსნათ ერთმანეთთან ურთიერთობის ყველანაირი შინაგანი წინააღმდეგობა, პარტიის ცენტრალური ოფისებიდან მივიღოთ თანხმობა გაერთიანებაზე და ურთიერთთანამშრომლობაზე, შევქმნათ საკოორდინაციო საბჭო, გავაფორმოთ ერთმანეთთან მემორანდუმები ყველა მნიშვნელოვან დეტალზე, მოვიზიდოთ წესიერი, პატიოსანი და კვალიფიციური ადამიანები სამოქალაქო სექტორიდან”, _ ამბობს თამარ ნადირიძე.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ლიდერებს. “ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ნათია შარაშენიძე თამარ ნადირიძის განცხადებას ეთანხმება.
“გავეცანი ქალბატონი თამარის განცხადებას, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის მხრიდან საერთო კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყება შესაძლებელია, აუცილებელია და მისაღები“, _ გვითხრა ნათია შარაშენიძემ.
“რესპუბლიკური პარტიის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ნინო გოგუაძის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია:
“რესპუბლიკურ პარტიას უკვე გაცხადებული აქვს, როგორ გამოდის თვითმმართველობის არჩევნებზე. კერძოდ, ვიცით, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ გაერთიანდნენ და გაერთიანებაში და კონსულტაციებში, კანდიდატების წამოყენებასა თუ წინასაარჩევნო პოლიტიკის განსაზღვრაში, ეს ორი პარტია გამოდის საერთო ინტერესებით“, _ ამბობს გოგუაძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ერთიანი კანდიდატის თაობაზე ჯერჯერობით არანაირ კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია არცერთ პოლიტიკურ ძალასთან, თუმცა, შესაძლებელია, ამ საკითხთა დაკავშირებით მოლაპარაკებებში მიიღონ მონაწილეობა.
“ჩვენ ყველა პარტიასთან გავივლით კონსულტაციას, რომელიც მზად არის შეებრძოლოს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქულ მმართველობას“, _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს დავით მჟავანაძემ.
“პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძე ამბობს: „მე ამ შემოთავაზებას ვეთანხმები და ვიზიარებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერ უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიების სამდივნოები და საბჭოები, ლიდერები, რის შემდეგ, შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ უკვე რეგიონებში შესაძლებელი იქნება მსგავსი შეთანხმების გახორციელება“.
“ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ გოგოტიშვილი თანახმაა ოპოზიციურ ძალასთან ითანამშრომლოს. “ჩვენ გვინდა, რომ გავერთიანდეთ ყველა ოპოზიციური ძალა, მაგრამ, ვინც არ აფრიალებს რუსულ დროშას. თუ გუშინ აფრიალებდა რუსულ დროშას და დღეს არ აფრიალებს, ეგ პრობლემა არაა. ადამიანების ცხოვრებაში დგება დრო და ეტაპი, როდესაც შეიძლება შეხედულება-მიმართულობა შეიცვალოს. იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდის, მასთან ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ“, _ გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმა.