ე.წ. ციანდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის, სამღვდელო ხარისხის შეჩერებას მისი ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან. მათი შეფასებით, ბრალი მას რამდენიმე თვის წინ წაუყენეს და გაუგებარია ასეთი გადაწყვეტილების ახლა მიღება.
„თუ შესაჩერებელი იყო როგორც მეუფე დიმიტრი ამბობს ბრალიდან გამომდინარე რატომ არ შეუჩერა თებერვალში, რადგან მას ეს ბრალი წაუყენეს თებერვალში. საეკლესიო კანონმდებლობით მოვითხოვთ, რომ თუკი მართლაც, როგორც მეუფე დიმიტრი ამბობს, რომ მოიტყუა იაკობმა, მაშინ იაკობიც უნდა დაისაჯოს და მიქაელ ბოტკოველიც უნდა დაისაჯოს, რადგან ისინი იყვნენ ამ სიცრუის გამავრცელებლები და ისინი მოქმედებდნენ პატრიარქთან შეუთანხმებლად,“-განაცხადა დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრის გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება. განცხადებას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს, სადაც ასევე საუბარია მეუფე იაკობის სასჯელის დადებაზე.
„ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული, რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული, რაც სამწუხაროდ არ აღმოჩნდა სიმართლე,” – წერია განცხადებაში.