დღეს, ოზურგეთის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ორგანიზებით, იმსჯელეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
კამპანია _ „კაცები ქალთა პოლიტიკური მონაწილოებისათვის“, მიზნად ისახავს მამაკაცთა მიერ ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის იდეის პოპულარიზაციას და ქალი კანდიდატებისათვის მხარდაჭერას.
ღონისძიების მომხსენებლებმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ და ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ელიაძემ ისაუბრეს, თუ რატომ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში.
თამაზ ტრაპაიძემ თავისი გამოსვლის დროს თქვა, რომ “დროა დავივიწყოთ ფრაზა _ “ქალის ადგილი სამზარეულოშია“, რადგან საჭიროზე მეტი ფაქტი ადასტურებს ქალთა ეფექტურ და პროფესიონალურ მოღვაწეობას პოლიტიკაში.
„საქართველოში ქალთა რესურსი სრულად არ არის გამოყენებული, არადა, აქ ძალიან დიდი პოტენციალია, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სასიკეთო იქნება“, _ აღნიშნა შეხვედრაზე თამაზ ტრაპაიძემ.
საკითხის _ რატომ არ არის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით ამჟამად საქართველოში არსებული ვითარება დამაკმაყოფილებელი _ შესახებ ისაუბრა გიორგი ელიაძემ და დამსწრე საზოგადოებას სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
“12 ქალაქის მერიდან არც ერთი არ არის ქალი; 59 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთს ხელმძღვანელობს ქალი გამგებელი, თბილისის 10 რაიონიდან კი მხოლოდ დიდუბის გამგებელია ქალი. საკრებულოების შემადგენლობის მხოლოდ 11%-ია ქალი (2154 წევრიდან 246). ქალების 30-40%-იანი წარმომადგენლობა განიხილება იმ “კრიტიკულ უმცირესობად“, რაც საჭიროა, რათა ქალებმა არსებითი ცვლილება შეიტანონ პოლიტიკურ პროცესებში“, _ თქვა გიორგი ელიაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.