ძაღლის მოკვლისთვის მოქალაქეს 2000 ლარის გადახდა მოუწევს. ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, 2000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
აღკვეთი ღინისძიების სახით, გირაოს გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ მიმართა. საგამოძიებო უწყება ბრალდებულისთვის 3000 ლარის გირაოს დაკისრებას ითხოვდა.
რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ მოქალაქეს ბრალი ცხოველის მიმართ სასტიკი მიპყრობის ორ ფაქტზე დღეს წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 და 27 ივნისს, რ.მ.-მ ქალაქ რუსთავში მდებარე გ.თ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის წინ არსებულ შემოღობილ ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის ცხოველებს – ლეკვებს პნევმატური იარაღით მიაყენა ჭრილობები, რამაც ერთი ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.
დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ გუშინ დააკავა. დანაშაული სასჯელის სახით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ითვალისწინებს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რუსთავში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ რუსთავში 60 წლამდე კაცმა ძაღლს მუცლის არეში ლურსმნიანი ჯოხით ჭრილობები მიაყენა. ძაღლი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა, ვეტერინარებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.