ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოწონებულ 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას ქალაქისა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ქუჩების რეაბილიტაცის პროექტიც დაემატა. ამ პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ დუმბაძის, მუსხელიშვილის, ურუშაძის, სამებისა და სტალინის ქუჩებს, რისთვისაც 693 497 ლარის გახარჯვა იგეგმება. გარდა ამისა, სარემონტო სამუშაოები ჩატარდება გვიმბალაურის საჭიდაო დარბაზსა და ა(ა)იპ სპორტულ ცენტრში.
გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის ინფორმაციით, წელს მუნიციპალიტეტში, მთლიანობაში, 5 მილიონ 908 775 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტიდან წელს ქალაქის, ჩიბათისა და ლესის ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, ხოლო დაზიანებული ხიდების აღდგენა მოხდება ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულსა და აცანა-აკეთის დამაკავშირებელ გზაზე. ლესაში, ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში პროექტის შესაბამისად სამანქანე ხიდები მოეწყობა.
მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს „საუკუნის პროექტად“ მონათლული გულიანი-ჩოჩხათი-სუფსის გზის რეაბილიტაცია, რომელიც გარდამავალი პროექტია და ჯამში მისმა ღირებულებამ სამი მილიონი ლარი შეადგინა. წელსვე დასრულდება ქალაქის ცენტრის რეაბლიტაციის გარდამავალი პროექტიც, ნიგოითსა და ლესის ადმინისტრაციებში საბავშვო ბაღის მშენებლობა, ნიგვზიანში ნინოშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის მოასფალტება, ხოლო შუხუთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.