კონკრეტული ადგილების გამწვანებისა და დეკორაციულ ბაღთმშენებლობაში, ხვიარა და მცოცავი მცენარეები განსაზღვრულ ადგილებში უნდა გამოვიყენოთ. ლიანები, როგორც ვიცით, მოქნილი და სუსტრღეროიანი მცენარეებია, რომლებიც დამოუკიდებლად ზრდისას, ხშირად საჭიროებს საყრდენს.
დეკორაციული ბაღის მოწყობის სურვილი როცა გვაქვს, იქ აუცილებლად უნდა გამოვნახოთ ისეთი კუთხე და ადგილი, ელემენტი ან წერტილი, სადაც ხვიარა მცენარე სათანადოდ იქნება გამოყენებული და ბაღის საერთო დეკორაციულობას მნიშვნელოვნად გაადიდებს. ასეთ ადგილებად შეიძლება დავასახელოთ მკვდარი მასალის ღობე, ნაგებობის ულამაზო კედელი, ფრიალო კლდიანი ადგილები ან შემაღლებული ბორცვები. ასეთ გარემოში ხვიარა, მცოცავი მცენარეები უმთავრესად ბაღის არადეკორაციულ ნაწილს დაფარავენ.
ხვიარა მცენარეები უმეტესად ვერტიკალური გამწვანებისთვის უნდა გამოვიყენოთ და ასეთივე ხაზი შევუნარჩუნოთ. რაც შეეხება ლიანებს, ისინი მცირე ადგილს იჭერენ და ამ მხრივ შეუდარებელი მცენარეებია იმ შემთხვევისთვის, როცა არ გვაქვს საკმარისი ადგილი ხეების, ბუჩქების ან ყვავილნარებისთვის.
ხვიარა ყვავილოვანი მცენარეები, უმჯობესია, გავუშვათ ძველ ხის ან უკვე გამოუსადეგარ ელექტრობოძზე ან სპეციალურად მომზადებულ რკინის მასალის საყრდენზე. ხვიარა ყვავილოვნები იმდენად მჭიდროდ ეკვრიან ცოცხალ მცენარეს “ამოსუნთქვის” საშუალებას უსპობენ. ამიტომ, ყოველთვის უნდა მოვარიდოთ და როგორც ზემოთ ვთქვით, ისე მოვამზადოთ. თუ მაინც გადავა ახლოს მდებარე საღ ხემცენარეზე, სასწრაფოდ წავაჭრათ წვეროები.
საინტერესოა ვიცოდეთ, რომ ლიანების უმრავლესობა ბოძებზე ეხვევა მარცხნიდან მარჯვნივ. ხვიარა და მცოცავი მცენარეები დეკორაციული ღირსების მიხედვით, საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. იშვიათი სილამაზისაა ჩვენში, აჭარასა და გურიაში გავრცელებული, ლურჯმტევნებიანი იაპონური ლიანა პუერარია. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი ხვიარა ჯიშები: კატაბარდა, ღვედკეცი, სამი სახეობის სურო, კრიკინა და სხვა. ხვიარა ვარდები ძალიან ლამაზია ე. წ. ბამბუკის სარების კედელზე, რომელიც წინასწარ კარგად უნდა გავამაგროთ და მერე ხვიარა ვარდის ტოტების განფენა მოვახდინოთ. ხვიარებისა და მცოცავების საშუალებით გარემოს გალამაზების საუკეთესო დროა ახლა. სცადეთ და ნახავთ, რომ სულ სხვა იერს მიანიჭებთ, აქამდე ძველ კედლებს, მკვდარ ღობეებს თუ უსარგებლო ადგილებს, რომელსაც არაფრისთვის არ იყენებთ.