პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე მეხუთე დღეა ციხეში შიმშილობენ. პატიმრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს აპროტესტებენ, რომლითაც პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა.
ორივე პატიმარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ისინი განაჩენის გასაჩივრებასაც გეგმავენ.
ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულ ირაკლი ფირცხალავას კიდევ ერთ გახმაურებულ სასამართლო პროცესზე, ე.წ. ციანიდის საქმეზე მოწმის რანგში დაკითხავენ. ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავა გამომძიებელს გუშინ უნდა გამოეკითხა ციხეში, თუმცა უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ეს არ იყო დაკითხვა და ის ჰგავდა ზეწოლასა და დაშინებას.
სწორედ ამიტომ, მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ირაკლი ფირცხალავამ გამომძიებელს გუშინ ჩვენება არ მისცა და მოითხოვა, რომ ის მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხონ.
ფირცხალავას დღეს 14:00 საათზე, ცინიდის საქმისგან სხვა გამოყოფილ საქმეზე დაკითხავენ, თუმცა დაკითხვის შინაარსი სწორედ ე.წ. ციანიდის საქმე იქნება.
ირაკლი ფირცხალავა მოსამართლეს პროკურატურის ე.წ. “ოქროს მოწმის”, ირაკლი მამალაძის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით აცხადებს ის, რომ ირაკლი მამალაძე არის სუს-ის აგენტი.
„მან თქვა, რომ ეს დაკითხვა არ იყო, ეს ჰგავდა ზეწოლას და დაშინებას, რომ მას სასამართლოში არ მიეცა ის ინფორმაცია, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა. ვინაიდან მან დააფიქსირა, რომ არ იყო თანახმა ამ ფორმატში ჩვენება მიეცა, სასამართლოზე დაიკითხება და სასამართლოზე მისცემს მოსამართლეს იმ ჩვენებას, რაც გაავრცელა, მაგრამ ეს მოხდება არა იმ პროცესზე, სადაც იხილება მამალაძის საკითხი, არამედ სხვა გამოყოფილ საქმეში. სწორედ ეს არის საეჭვო, რომ კითხავენ სულ სხვა საქმეზე, რაც არის ზეწოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი”, _ განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.