აჭარის დედაქალაქმა ივლისის თვის პირველ რიცხვებში საერთაშორისო ტურნირს „ოპენ-ბათუმს“ უმასპინძლა კარატე-დოში, სადაც 12 ქვეყნის 800-მდე სპორტსმენი იყო წარმოდგენილი.
ამ ტურნირზე ლანჩხუთის სპორტული ცენტრის კარატისტებიც იყო წარმოდგენილი მერაბ თურქიას ხელმძღვანელობით, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ წარმატებულები არიან.
„ტყუილად არ ჩავსულვართ ბათუმში, მედლების წვიმა წამოვიღეთ აჭარის დედაქალაქიდან“, _ ამბობს მერაბ თურქია, რომლის თქმითაც ლანჩხუთელ კარატისტებს წარმატებები ტურნირის პირველივე დღიდან ჰქონდათ, როცა ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და შვიდი ბრინჯაო მიითვალეს საკუთარ აქტივში.
ტურნირის დასაწყისშივე ჩემპიონები გახდნენ: რეზი თურქია, მერაბ ლომაძე, ანრი ჩხარტიშვილი და დათო დუმბაძე. ვერცხლის მედლები საბა ჩხაიძემ და ლაშა კოსტავამ დაისაკუთრეს, ხოლო ბრინჯაო: ნიკა კოსტავა, ლუკა ვანაძე, საბა ჭელიძე, ავთო ბურძგლა, ზურა ლომაძე (ორი ბრინჯაო) და მერაბ ლომაძე (ამ უკანასკნელმა ოქროს ერთი ბრინჯაოც დაუმატა) აქტივზეა.
ჩვენებურთათვის წარმატების გარეშე არც ტურნირის მეორე დღეს ჩაუვლია, სადაც პირველი ადგილები საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრობის კანდიდატებმა გიორგი ზენაიშვილმა და გიორგი ჩხაიძემ მოიპოვეს. ანა პატარაია და ლიზი თურქია ვერცხლის მედალს დასჯერდნენ, ბრინჯაო კი – გიორგი მამინაიშვილმა და ნიკა დარჩიამ ერგოთ.
ბათუმურ ტურნირზე ჩვენებურები მანუჩარ ჩხაიძე და ლაშა ბერიძე მსაჯობდნენ, მთავარი არბიტრი კი ლანჩხუთელი მერაბ თურქია გახლდათ.
მერაბ თურქიას თქმით, გურულ კარატისტთა მიერ დადებული ეს შედეგი მასთან ერთად მწვრთნელების: მანუჩარ ჩხაიძის, ლაშა ბერიძის და შოთა ღლონტის თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
კარატის ლანჩხუთელი მწვრთნელები იმედოვნებენ, რომ 2020 წელს ტოკიოში გასამართ ოლიმპიადაზე, სადაც ოლიმპიურ სპორტის სახეობებს შორის კარატეც იქნება წარმოდგენილი, გურული სპორტსმენებიც იქნებიან წარმოდგენილები, რაც მეტად ცნობადს გახდის ჩვენს მუნიციპალიტეტს.