ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩის მეოთხე კორპუსის ეზოში, ადამიანის ერთგული ბინადრები, ძაღლები და კატები იშვიათობას არ წარმოადგენენ. ის კი არა, ზოგჯერ აქ მცხოვრებ თუ შემოჩვეულ ძაღლებს გამვლელ-გამომვლელი ისე დაუკბენია, მერე 40 დღე ექიმთან სირბილიც დასჭირვებიათ. ახლა ამ ეზოში ძაღლები გაქრა და კატების რვასულიანი ჯგუფი სეირნობს, რომელთა უპირველესი მოვალეობა, როგორც აქაურები ამბობენ, მეტად უწყინარია და სასარგებლო _ “ეზოს ტერიტორიაზე თუ კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ განჯინებსა თუ სხვადასხვა სათავსოებში ხვლიკებს, თაგვებს და ვირთხებს არ აჭაჭანებენ”.
კატებზე მზრუნველი ნადია ბულოვა კი, დღეში სამჯერ ჩადის მეორე სართულიდან, კატებისთვის განკუთვნილი საუზმე-სადილით ხელში:
_ ჩემი არ არის, ღმერთმა ინება, ამ ეზოში ცხოვრობდნენ, სულ რვა ფისოა. მე ვკვებავ. ესენი აქ ხალხის სამსახურში არიან, მღრღნელებს და ქვეწარმავლებს არ აჭაჭანებენ, ისეთ კაი საქმეს აკეთებენ, ზოგი ადამიანი ვერ შეძლებს ამდენს, _ გვეუბნება ის და საჭმელს ერთ-ერთ სათავსოში უყრის, _ გარეთ რომ დავუდო, ძაღლები მოვარდებიან და შეუჭამენო.
„ხალხის მოსამსახურეები“ კი სათითაოდ მიძვრებიან პატარა ხვრელში, რომელიც კარებთანაა დატოვებული ისეთი სიდიდით, რომ შიგ ძაღლი ვერ შეეტიოს. ნადია ბებოს ესეც გათვალისწინებული აქვს _ იქ ისადილებენ, მერე უკან გამოძვრებიან და ჩვენს გარემოს მიხედავენო. ახლა მხოლოდ იმას ნერვიულობს, რვიდან ორი ფისო არ ჩანს და იმედია, არ დაიკარგებიან, მოვლენო.