თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისათვის ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა, 2017 წლის 24 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება.
როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წარდგენილი ბრალის თანახმად, ჰ. ს.-მ და რ. ს.-მ სამი მოზარდი, მოტყუებით აიყვანეს საცხოვრებელ ბინაში და მათ მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს. მათ ბრალად ედებათ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება (რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს) ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი), ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძვლები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე ბრალდებულებს არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, აქვთ კავშირები საზღვარგარეთ და მაღალია მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულთა ასაკის გათვალისწინებით, არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო მიზნების აღსრულებისთვის საზიანო ზემოქმედების საფრთხე. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახედ ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 5 მოზარდი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს. ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვნებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს.