გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შერმადინი მომავალი სეზონიდან კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებს. გიორგიმ თავისი ბედი ესპანეთის პირველობაზე მოასპარეზე მალაგას „უნიკახას“ დაუკავშირა. ხელშეკრულება გუშინ ოფიციალურად გაფორმდა.
მომავალ სეზონში „უნიკახა“ საკალათბურთო ევროლიგაში იასპარეზებს. ესპანეთის ბოლო ჩემპიონატში მალაგურმა კლუბმა მეოთხე ადგილი დაიკავა. გუნდმა იმარჯვა ევროთასის შეჯიბრში და ამ წარმატების საფასურად ევროლიგის საგზურიც დაიმსახურა.
გუშინ, ესპანურ სპორტულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მაკარიძე შეიძლება ლა კორუნიას „დეპორტივოში“ ჩაირიცხოს. გიორგი ბოლო წლების განმავლობაში პორტუგალიაში ასპარეზობდა. მისი დიდი დამსახურება გახლდათ, რომ კლუბმა „მორეირენშემ“ თავისი ქვეყნის თასის ბოლო გათამაშებაში იმარჯვა. რამდენიმე კვირის წინ ქართველი კარის დარაჯით დაინტერესება სახელგანთქმულმა „ბენფიკამ“ გამოხატა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ტრანსფერი ვერ გახორციელდა.
დღეს ბაქოში ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი „სამტრედია“ კლუბ „ყარაბაღს“ დაუპირისპირდება. ყველას გვახსოვს სამტრედიელთა გასული წლის შეხვედრები აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ და მაშინდელი მწარე მარცხი. იმედია წელს ნავსი გატყდება და ჩვენი ჩემპიონი ღირსეულად იასპარეზებს. შეხვედრა ბაქოში თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.
გუშინდელი დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. საზაფხულო ბაშოზე მეორე დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ტოჩინოშინი დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოსთან დამარცხდა, გაგამარუ კი ნიშიკიგისთან. ლევან გორგაძე დღეს კიდევ ერთ დიდ ჩემპიონს – კისენოსატოს დაუპირისპირდება.
გუშინ, ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. ეს ტრანსფერი სარეკორდო გამოდგა ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე გუნდებს შორის. კლუბმა „ევერტონმა“ ლუკაკუს სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო.
გახსოვთ, ალბათ, ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო. ეს მოთამაშე ჭირვეული ხასიათით გამოირჩევა, ამიტომ გუნდები მისი აყვანისაგან თავს ხშირად იკავებენ. გასული სეზონი კასანოსათვის უქმე გამოდგა რადგან მისი სამსახურით არცერთი იტალიური კლუბი არ დაინტერესდა. ამჯერად კასანოს ბედმა გაუღიმა. ვეტერანმა მოთამაშემ სერია – A-ში დაბრუნებულ ვერონას „ჰელასს“ მიაკითხა. მას ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. იტალიური სპორტული მასმედიის ცნობით 34 წლის კასანო ახალ გუნდს უკვე შეუერთდა.