ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ განკარგულებაში საკრებულოს წევრთა თანხმობით მორიგი ცვლილება შევიდა.
გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ლანჩხუთში იგეგმება ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 161 545 ლარს შეადგენს. ჩხაიძის მოხსენებით, პროექტის გახორციელება აგვისტოდან იგეგმება და წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
მართალია, ახალი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის მშენებლობა საკრებულოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს, თუმცა, ზოგმა ის ტერიტორია დაიწუნა, სადაც ამ ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, არის საუბარი, რომ ახალი ცენტრი ქალაქის პირველი ბაღისა და სარეაბილიტაციო ცენტრ „იავნანას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდეს.
სწორედ ამ ტერიტორიას მიიჩნევს სასწრაფო დახმარების ცენტრისთვის მიზანშეუწონლად სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე.
„სასწრაფო დახმარება მუდმივ რეჟიმშია მობილიზებული, რასაც ხმაური და ბევრი სხვა საკითხი მოსდევს თან. იქ საბავშვო ბაღი და ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრი, ამიტომ მიზანშეუწონლად მიმაჩნია ეს ადგილი ამ ცენტრის მშენებლობისთვის. იმდენი ტერიტორიაა ამ ქალაქში, რომ გაცილებით უკეთესი ადგილის შერჩევაც ადვილად შეიძლება“, _ თქვა ია ჩხაიძემ, რომელსაც მხარი შუხუთის მაჟორიტარმა აკაკი იმნაიშვილმაც დაუჭირა.
თუმცა, პასუხად მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ახლა საუბარი პროექტის მოწონებაზეა და არა ტერიტორიის შერჩევაზე.
„ახლა საუბარი პროექტის მოწონებაზე გვაქვს და თუ არ მოვიწონებთ, სხვა წაიღებს. ისე არის სადმე დარჩენილი ერთი გოჯი მუნიციპალური ქონება?! მომინახეთ თუა სადმე“, _ მიმართა კრიტიკულად განწყობილ დეპუტატებს გამგებელმა. საბოლოოდ კი სხდომათა დარბაზში მყოფმა უკლებლივ ყველა დეპუტატმა გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირა.
ცნობისთვის, 2017 წელს ლანჩხუთში სულ 16 ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება იგეგმება, რისთვისაც, ჯამში, ექვსი მილიონ 814 817 ლარი გაიხარჯება.