სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ. ამის შესახებ შეთანხმებას საგარეო საქმეთა სამინისტროში მოეწერა ხელი, სადაც მიხეილ ჯანელიძემ საამიროებიდან თავის კოლეგას უმასპინძლა.
ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა დახურულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, ეკონომიკური პოტენციალის გაღრმავებასა და ახალ კავშირებზე ისაუბრეს.
დღესვე ხელი მოეწერა კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც ინვესტიციების ორმხრივ დაცვას ითვალისწინებს. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს მეტი ინვესტიციის განხორციელებას ქვეყანაში.
მხარეებმა ისაუბრეს უკვე არსებულ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა მზარდია, ციფრები ჯერ კიდევ არ არის ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციის შესაბამისი.
მიხეილ ჯანელიძემ არაბ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ინვესტიციების დაცვის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება, განახორციელონ ინვესტიციები და განავითარონ ბიზნესკავშირები, ასევე ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის შემთხვევაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზოდ შეძლებენ გადაადგილებას. საამიროების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი უკვე მოქმედებს და იმედი გვაქვს მალე საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი დღეს ამ შეთანხმებით უკვე გადადგმულია. ორ ქვეყანას შორის ბევრი პირდაპირი რეისი ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ტურისტული პოტენციალის განვითარებას. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რათა მოძებნილ იქნას კონფლიქტის დარეგულირების გზები. ასევე, განვიხილეთ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გზებზე და ჩვენი ქვეყნის სტუნდენტების შესაძლო გაცვლაზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, მისმა უმაღლესობა შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰაიანმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ქვეყნებს შორის განათლების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.