კომპლიმენტების მიღება ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის, ერთნაირად სასიამოვნოა, თუმცა, მათ განსხვავებულად აღიქვამენ, რაც ერთს სიამოვნებს და უხარია, მეორეს შეიძლება ეწყინოს, მესამე კი არც მოგისმენთ. ალბათ გაგიგიათ ქალებს ყურებით უყვართ, მამაკაცებს კი თვალებითო. მაგრამ თბილი სიტყვა ვის არ ესიამოვნება? რაც უფრო გულწრფელია კომპლიმენტი მით უფრო დადებით ემოციებს იწვევს. კომპლიმენტები მამაკაცებისათვის:
„ყველაფერი გამოგივა!“ – უთხარით ეს თქვენს მამაკაცებს, როდესაც საქმე მის შესაძლებლობებს ეხება. არ აქვს მნიშვნელობა სად უწევს ამ შესაძლებლობების გამოვლენა სამზარეულოში, ავტოფარეხში, სამსახურში, თუ საწოლში. ძლიერი სქესის წარმომადგენლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი სჯეროდეთ და ენდობოდნენ. ეს მოტივაციას ზრდის.
„შენთან თავს დაცულად/ბედნიერად ვგრძნობ!“ – დიდი გრძნობით ნათქვამი სიტყვები, რომლის მოსმენაც ყველა მამაკაცისათვის ბედნიერებაა. ეს ნიშნავს, რომ მისი საქციელი მართლაც მნიშვნელოვანია და ქალი ამას ხედავს, აფასებს.
კომპლიმენტი გარეგნულ მხარეზე – როგორც ქალს, ასევე მამაკაცს თვითშეფასებას უზრდის ისეთი კომპლიმენტები, რომლებიც მის გარეგნობას ეხება. შეუქეთ თვალები, მამაკაცური მხრები, კუნთები, ან ნებისმიერი რამ, რაც კომპლიმენტს იმსახურებს.
„მიყვარს, როდესაც შენთან ერთად ვარ!“ – ეს სიტყვები მამაკაცს უჩვენებს, რომ მისი სტატუსი, ფული და ფიზიკური მონაცემები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შინაგანი სამყარო.
„მომწონს შენი პერანგი!“ – ჩაცმის სტილს ყველა მამაკაცი არ უთმობს დიდ დროს, თუმცა, ყველას სურს კარგად გამოიყურებოდეს. ამიტომ, თუ მართლაც აცვია ის, რაც უხდება, ამის აღნიშვნა აუცილებელია.
„კარგად იცი შენი საქმე!“ – ამგვარი კომპლიმენტი მამაკაცისათვის ნიშნავს, რომ ქალი მის ძალისხმევას, მონდომებას, შრომისმოყვარეობასა და პროფესიონალიზმს ამჩნევს.
„შესანიშნავი ოჯახი/მეგობრები გყავს!“ – მამაკაცისათვის მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარი მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პატივს სცემდეს და მოსწონდეს.
გახსოვდეთ, მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს, როდესაც კომპლიმენტებს საჯარო სახე და მოფერებითი ფორმა აქვთ. „ჩემო ფუმფულა“, „კნუტო“ და „ზევსო“ ინტიმური გარემოსათვის შემოინახეთ. საჯაროდ ამას თუ ეტყვით შეურაცხყოფად უფრო აღიქვამენ, ვიდრე კომპლიმენტად.