ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებშიც ხშირად ვვარდებით.
დღევანდელ წერილში რამდენიმე თანამემამულე სპორტსმენის საზღვარგარეთულ „ისტორიას“ გაგაცნობთ.
ქართველები უცხოეთში ყოფნისას იქაურებში არ „ითქვიფებიან“ და საკუთარ თვითმყოფადობასა და ტრადიციებს ბოლომდე ინარჩუნებენ. საინტერესოა, რომ მათი მეგობრების რიგებში არაერთი ცნობილი სპორტსმენი თუ პოლიტიკოსი ირიცხება. ყოველივე ამის შესახებ საუბარი ქვემოთ გვექნება.
დღევანდელი სპორტული სახალისო მოგონებების პირველი სტუმარი ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე გახლავთ. ალბათ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეროვნული გუნდის წარმატებული ასპარეზობა „დევისის თასის“ გათამაშებაში. ამის გარდა ირაკლის საჩოგბურთო მოედანზე რამდენიმე ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავს დამარცხებული, მათ შორის სომხური ფესვების მქონე ამერიკელი ანდრე აგასი. გაგიკვირდებათ და თბილისელ ლაბაძეს თავის დროზე „ახლო ურთიერთობა“ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთანაც ჰქონია.
„ბევრი და სახალისო ისტორია გადამხდენია ჩოგბურთის მოედანზე. როცა ვთამაშობდი, ყველაფერს იუმორით ვუყურებდი, საკუთარ თავს ვახალისებდი. ერთ მომენტს გავიხსენებ: 2003 წელია. ატლანტაში ტარდება შეჯიბრება და ვეთამაშები ანდრე აგასს. საკმაოდ დაძაბული თამაშია, რომელსაც ესწრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. უცებ, გათამაშებისას ბურთი წავაგე, ადვილი ბურთი გავაფუჭე და ტაში დამიკრეს. ვეცადე არ გავბრაზებულიყავი, თავი ხელში ამეყვანა. როცა ბუშს შევნიშნე, რომ ის ჩემს შეცდომაზე ხარობდა და სიცილით ტაშს უკრავდა, არც ვაციე, არც ვაცხელე, დავმანჭე სახე, ყბა გვერდულად მოვაქციე და აჟიტირებულივით ჩქარი ტაში დავუკარი ბუშს. ამგვარად დავცინე მას.
როცა გამოვედი მოედნიდან, მოვიდა და ხელი გამომიწოდა. ორივე ვიცინოდით, რადგან იუმორზე არც ერთი არ ვიყავით „აცრილი“.
აქვე კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: 2006 წელს მივფრინავდი ამერიკის ღია პირველობაზე. აეროპორტის გასასვლელი გავიარე და ველოდები ჩასხდომა როდის დაიწყება. თვითმფრინავში შევედი და მერე გამახსენდა, რომ გარეთ დამრჩა მუსიკის აიპოდი. გამოვედი გარეთ, რაღაც დაბნეული ვიყავი და გავიფიქრე, ნეტა, ჩემი გაფრენა დღეს ღირს-მეთქი? შევედი ისევ თვითმფრინავში, მეტი რა გზა მქონდა?! შემოვიდა სამი არაბი და მათგან ერთზე გავიფიქრე, თუ ეს კაცი ჩემ გვერდით დაჯდა, უეჭველი ბომბი ექნება-მეთქი. ამის გაფიქრება იყო და, მართლაც ასე არ მოხდა?! ბევრი ფიქრი აღარ დამიწყია, ავდექი და, უნდა წავიდე, აღარ მივფრინავ-მეთქი, განვაცხადე. რატომო, რომ ჩამეკითხნენ, ვუპასუხე, აგაფეთქებენ, თქვენც გადადით-მეთქი. როგორც მერე გავიგე, ის რეისი გამოუცვლიათ, გაფუჭებულა თვითმფრინავი და საფრანგეთამდე ძლივს ჩაუღწევიათ მგზავრებს. არ ვიცი, მართლა იმ არაბის გამო მოხდა თუ არა რამე, მაგრამ, ხათაბალას რომ დავაღწიე თავი, აღარაფერს დავეძებდი“.
თუ ქართველი ლაბაძე აშშ-ს ხშირად სტუმრობდა, ოკეანისგაღმელი კალათბურთელი ტაირონ ელისი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის ღირსებას იცავდა და საკუთარი თავი ელიაშვილად მონათლა.
„საქართველოში 2006 წელს ჩამოვედი. როდესაც აქ ჩამოსვლა შემომთავაზეს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ, მალე დავთანხმდი. საერთოდ, ევროპის ამ მხარეზე ბევრი არაფერი ვიცოდი, რუსეთიც მხოლოდ გაგონილი მქონდა. იტალია, ესპანეთი – ამ ქვეყნებს ვიცნობ. საერთოდ, როდესაც ჯორჯიას ვამბობ, ყველას მაშინვე ამერიკის შტატი ჰგონია. მერე ვიწყებ ახსნას, რომ არა, ეს საქართველოს რესპუბლიკაა, აღმოსავლეთ ევროპაში. ძალიან მომწონდა აქაურობა, კლიმატი, სამზარეულო, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ მაინც ხალხს გამოვარჩევდი, ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. მართლა ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ვთამაშობდი, იმხელა მხარდაჭერასა და გვერდში დგომას ვგრძნობდი ამ ადამიანებისგან, განსაკუთრებული გულშემატკივრები გვყავდა. ფედერაციაში თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები მუშაობდნენ. ქართველებს განსაკუთრებით უყვართ თავიანთი ქვეყანა და მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი, ამ ქვეყნისთვის ვთამაშობდი და ყველა იმ ადამიანის ბედნიერ სახეს ვხედავდი, რომლებიც თამაშებზე მოდიოდნენ, მგულშემატკივრობდნენ და მეც ბედნიერი ვიყავი მათი შემხედვარე. ხშირად იმაზეც კი მიფიქრია, რომ ნახევრად ქართველი კი არა, ისიც არ არის გამორიცხული, რომ ჩემი გვარი არა ელისი, არამედ ელიაშვილი გახლდათ“.
ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე წლების განმავლობაში საფრანგეთში ასპარეზობს და იქაური ცხოვრების წესებს ალღო დღემდე ვერ აუღო. უფრო მეტიც, ფრანგები თავისი ქართული ხასიათით დააშინა კიდევაც.
„ისე, ფრანგებთან ძმაკაცობა ცოტა რთულია ქართველი კაცისთვის. ბევრი რაღაც არ ესმით. მაგალითად, რატომ არ შეიძლება, იხუმრონ ძმაკაცის დაზე, დედაზე. ჩემი ცოლი ბრაზდება ხოლმე, რატომ არ მესალმებიან, რა საშინელი ბიჭები არიანო. სინამდვილეში კი, ჩემგან არიან დაშინებულები. ისე გვაქვს ოჯახური სიტუაციები ახსნილი, რომ ჩვენს ცოლებს „გამარჯობას“ ვეღარ ეუბნებიან. დაზე, დედაზე, ცოლებზე ისე ხუმრობენ, ცუდად ვხდები ხოლმე. არა, ცოტა რაღაცეებს შევეჩვიე, აღარ მიკვირს, მაგრამ, მკაცრად მყავს გაფრთხილებული, ოჯახზე თუ მეღადავებით, გცემთ-მეთქი. ისიც არ მესმის: საცოლესთან ერთად სადღაც მიდიან და გოგო თავის დანახარჯს იხდის, ბიჭი – თავისას. საშინელებაა. თავიდან ძალიან ქართულად ვიქცეოდი – სადღაც რომ ვიყავით, თავს ვიკლავდი, მიმიშვით, უნდა გადავიხადო-მეთქი, ვითომ ვინმე დამაკავებდა. ახლა ცოტა ვისწავლე ჭკუა. არა, რასაც ვაკეთებ, არასდროს სხვის დასანახავად არ გამიკეთებია, მაგრამ, ახლა ცოტა ნაკლებად ვიკლავ თავს.
ხანდახან ქართველები ვიკრიბებით. ფრანგებთან ერთად გვაქვს ხოლმე „მესამე ტაიმი“. მართლა ძალიან მაგარი ღვინო აქვთ. ერთი, ეგენი ვერ გავაოცე ქართული ღვინით. ცნობილია, რომ ფრანგები მსოფლიოში ყველაზე მეტს სვამენ, მაგრამ, ჩვენ რომ ვიცით ყანწებით და ერთ საათში დათრობა, ასე არ იქცევიან, ნელ-ნელა მიჰყვებიან საღამოს და ერთობიან. ჩვენ კიდევ, თორმეტ საათზე რომ სმას დავიწყებთ, პირველზე უკვე შარს ვეძებთ. მაგათთან ასე არ არის“.
ფეხბურთელი გიორგი ჩირგაძის სახელი საქართველოში კარგად ცნობილი არ არის. ეს ადამიანი ერთი პერიოდი ამერიკულ კლუბ „ნიუ-იორკ რედ ბულსში“ თამაშობდა. აღმოჩნდა რომ მის უახლოეს საძმაკაცო წრეში სახელგანთქმული ტიერი ანრი და რაფაელ მარკესიც შედიოდნენ.
„ანრი, როგორც სტადიონზე, ისე ცხოვრებაში, ბევრ რამეში დამეხმარა, ბევრი რამ მასწავლა. პიროვნებაც ძალიან კარგია, გახსნილი. თითქმის ერთ პოზიციაზე გვიწევდა თამაში, ამიტომ, ბევრ რამეში მეხმარებოდა. ჯერ მარტო მისი ცქერით ვისწავლე ბევრი რამ: როგორ იქცეოდა სტადიონზე, სტადიონის გარეთ, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მოთამაშეებთან, ხალხთან. იმხელა გამოცდილება არ მქონდა, რამდენიც ანრის. ის ყველაფერს უკეთესად ხედავდა, ამჩნევდა, ამიტომ, მეუბნებოდა, ასე გააკეთე, ასე ჯობიაო. სტადიონის გარეთაც ხშირად მოუცია რჩევა, სულ მეუბნებოდა, ბევრი მუშაობა აუცილებლად დაგიფასდება, არ დაგეკარგებაო. ძალიან ხუმარა და გახსნილი ადამიანია. არ იმჩნევდა რომ ჩვენგან ბევრად განსხვავდებოდა, თავს არასდროს გვარიდებდა, ისე იქცეოდა თითქოს ჩვენნაირი ყოფილიყო.
ტიერისგან განსხვავებით რაფაელ მარკესი უფრო ჩუმი, ჩაკეტილი პიროვნება ბრძანდებოდა. ანრისავით გახსნილი არ იყო. თუმცა, ისიც ძალიან თბილი და ყურადღებიანია, ყოველთვის გეხმარება, თუ რამეს ჰკითხავდი, აუცილებლად გიპასუხებდა და რჩევას მოგცემდა“.