“25 ივლისიდან #5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული თამარ ტალიკაძე შიმშილობს. პატიმარმა ადამიანის უფლებათა ცენტრს წერილი გამოუგზავნა და მისი საჯაროდ გავრცელება ითხოვა”, _ აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსს” ადამიანის უფლებათა ცენტრიდან შეატყობინეს.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, თამარ ტალიკაძეს, რომელიც სასჯელს იხდის 2007 წლიდან, ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. იგი გასამართლებულია 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისთვის და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის ,,ამნისტიის შესახებ” თანახმად განთავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის-17 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, ხოლო 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელი 20 წელი შეუმცირდა 1/3-ით. საბოლოოდ თამარ ტალიკაძეს მოსახდელ სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლი და 4 თვე.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა თამარ ტალიკაძის მიმართ წარმოებული სისხლის სამრთლის საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ საქმეზე გამოძიება წარმოებულია არაერთი დარღვევით, გარემოებათა გამოკვლევა არ იყო ყოველმხრივი, ობიექტური და სრული.
თამარ ტალიკაძის საქმე ახლიდან გადასინჯვის მოთხოვნით გაგზავნილია საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში.
„მოგახსენებთ, რომ ა.წ. 25 ივლისისდან ვაცხადებ უვადო შიმშილობას. ვითხოვ სახალხო დამცველთან, პროკურატურიდან ბატონ ირაკლი ნადარეიშვილთან, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან ეკა ბესელიასთან, ბატონ მამუკა მდინარაძესთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პრემიერ მინისტრის საპარლამენტო მდივანთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ბატონ კახი კახიშვილთან შეხვედრას. გთხოვთ, ჩემი შიმშილობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტებს“, _ წერია წერილში, რომელიც თამარ ტალიკაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრს გაუგზავნა.