დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი უნდა განეხილათ. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, დღის წესრიგის წაკითხვის შემდეგ, სიტყვა თავისსავე მოადგილეს დიმიტრი კვერღელიძეს გადასცა.
კვერღელიძემ საკითხების გადადების მიზეზიც გახსნა:
_ აღმასრულებელ ორგანოს უნდა მიეცეს მეტი დრო, საკრებულოს კანონშესაბამისად გამართული იმ სამართლებრივი აქტების პროექტების წარმოსადგენად, რომლებზედაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ საკრებულოს რეკომენდაციებით მიმართა. ცნობილია, რომ საკრებულოს მიერ მიღებული აქტების ექსპერტიზას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელლებს.
რაც შეეხება პირველ სამ საკითხს, დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს. საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა „ოზურგეთის მუნიციპალიტეის 2017 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის გეგმის შესრულებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ დამტკიცებულ ბიუჯეტში, განვლილ ექვს თვეში, ექვსი ცვლილება გახორციელდა და იგი 1 ივლისისთვის 19744,9 ათასი ლარით განისაზღვრა.
საკრებულოს წევრებმა მეორე კვარტლის შესრულბის გეგმა ცნობად მიიღეს და დაამტკიცეს.
განიხილეს მეორე და მესამე საკითხიც, რომელიც ეხებოდა უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას, რომელშიც წარმოდგენილია სასოფლო სამეურნეო მიწები. ქონების პრივატიზება კი აუქციონის წესით უნდა მოხდეს.
სხდომის მოკლე დროში დასრულების შემდეგ, მაკვანეთის დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში ნუგზარ კალანდარიშვილმა მეგობარ დეპუტატებს და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას მიმართა:
_ დღეს ჩვენი უფლებამოსილების მონიჭებიდან სამი წელი შესრულდა და მოდით, მოვიფიქროთ რამე, შევკრიბოთ ცოტა ფული, დავსხდეთ სადმე და „ბლექსი არენაზე“ დავესწროთ „ქართული ხმების“ კონცერტს, რას იტყვითო?
დეპუტატებს თანხმობის განწყობა ემჩნეოდათ, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მოკლედ მოჭრა:
_ რად უნდა ფულის შეკრება, კონცერტზე დასწრება თუ გინდათ, ჩახვალთ იქ და იყიდით ბილეთებს…
ნუგზარ კალანდარიშვილმა, რაკი თავმჯდომარის თანხმობა ვერ მიიღო, კოლეგების მისამართით, ღიმილითა და იუმორით დაასრულა საკუთარი ინიციატივა: „ესე იგი, არ ხართ თანახმა… კარგით, რას ვიზამთ, ტაში, მეგობრებო!“