მსოფლიოში გავრცელებულ პროფესიებიდან ერთ-ერთი უძველესია მჭედლობა. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე, წინა ათასწლეულებში შეისწავლეს ადამიანებმა. მჭედლის პროფესია რომ უძველესია და ამავდროულად, მთელ დედამიწაზე იყო გავრცელებული, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ მსოფლიოში ყველგან არის მჭედლის ფუძეზე დაფუძნებული გვარები.
დღეს ეს უძველესი პროფესია, თითქმის, დავიწყების პირასაა მისული და ამ საქმის მცოდნე თითო-ოროლა ადამიანს თუ იპოვი. ერთ-ერთი მათგანი კი ჩოხატაურის მკვიდრი ოთარ ჩხიკვაძეა.
როგორც თავად ბატონი ოთარი გვიყვება, მჭედლობა მისი ოჯახისთვის ტრადიციული ხელობაა. მჭედელი ყოფილა მისი ბაბუა, შემდეგ მამა და ახლა თავად აგრძელებს მამაპაპისგან ნასწავლ და გადმოცემულ ხელობას _ ჭედს ნალებს, სახნისებს, თოხებს, წალდებს და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა აუცილებელ იარაღს.