ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს _ როგორც მათ “გურია ნიუსს” გასულ შაბათს აცნობეს, 10 დღეზე მეტია, სოფელს წყალი არ მიეწოდება.
_ ასეთ სიცხეებში მთელი სოფელი უწყლოდაა. არ ვიცით, რა უნდა ვქნათ. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო წილოსანს, რომელიც დახმარებას დაგვპირდა, თუმცა, უშედეგოდ. ერთადერთი თქვენი იმედი გაქვს _ გთხოვთ, მიაწვდინეთ ხელისუფლებას ხმა, _ გვითხრეს მამათელებმა.
მათივე თქმით, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება აქციებს დაიწყებენ:
_ ყველა გამოვა ქუჩაში და ვპირდებით ხელისუფლებას, რომ ცენტრალურ გზაზე ვერც ერთი სახის ტრანსპორტი ვერ გაივლის. ყველაფერი ვცადეთ, რომ ამ ზომამდე არ მივსულიყავით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ხელისუფლებას ჩვენი ბედი არ ადარდებს _ სხედან კონდიციონერიან ოთახებში და იმის წარმოდგენაც არ უნდათ, რა დღეშია ხალხი უწყლოდ, _ ამბობენ მამათელები.
ჩვენ შევეცადეთ ნინო წილოსნისგან გაგვეგო, რას დაპირდა ის მამათელებს და რატომ ვერ შეძლო მათი პრობლემის მოგვარება, თუმცა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, წყლის შეწყვეტის მიზეზი დებეტის ნაკლებობაა:
_ ძლიერი სიცხეების გამო, წყლის დებეტი ძალიან მცირეა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სწორედ ესაა მიზეზი, რომ მამათის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. იმის თქმა, რომ მთელი სოფელი უწყლოდაა, არასწორია _ წყალი არ მიეწოდება მხოლოდ ერთ უბანს _ ე. წ. ჩაის ფაბრიკის დასახლებას, სადაც წლების მანძილზე არ ჰქონიათ წყალი და ჩვენ შევუყვანეთ _ ფაბრიკიდან არის გაყვანილი.
როგორც უკვე გითხრათ, გვალვების გამო ვერ ხერხდება მათთვის წყლის მოწოდება. დღეს შაბათია და უფრო მეტი დეტალის მოწოდებას ვერ შევძლებ. ორშაბათს პირადად ჩავალ მამათში და ადგილზე ვნახავ, თუ როგორ შეგვეძლება ამ პრობლემის მოგვარება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზაზა ურუშაძემ.