თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით. ამავე განაჩენით დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი 4 პირი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.
“2016 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ.თბილისში, მე-3 მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც საბრძოლო მასალასთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, მან მსხვერპლის მიმართულებით მოახდინა რამდენიმე გასროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”, _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება 2016 წლის 18 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ძებნილი პირი 2016 წლის 20 ნოემბერს წყალტუბოში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ის სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.