ლეიბორისტული პარტია სემეკს სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევს. ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
კომისიამ დღეს ხუთ სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მათ შორის არის “თელასის” 2018 წლის სატარიფო განაცხადი.
ლეიბორისტები მოითხოვენ, კომისიამ სხდომა შეწყვიტოს და ეს პროცედურა არ დაიწყოს. ისინი სემეკის წევრებს ივანიშვილის და კალაძის ბრძანებების შემსრულებლებს უწოდებენ. კომისიის თავმჯდომარე იძულებული გახდა შესვენება გამოეცხადებინა.
სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა ლეიბორისტებს განუმარტა, რომ ისინი კანონს არღვევენ, როდესაც სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. არ არის გამორიცხული, სემეკში პოლიციის გამოძახება გახდეს საჭირო.
სემეკში “თელასის” მიერ წარდგენილ სატარიფო განაცხადზე დღეს იმსჯელებენ.
სემეკში წარდგენილი ყოველწლიური სატარიფო განაცხადით “თელასი” სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ითხოვს.შესაბამისი განცხადება კომპანიამ სემეკში 16 აგვისტოსშეიტანა.
“თელასმა” სატარიფო განაცხადი წარმოადგინა, რომლის ვალდებულებაც გააჩნდა სატარიფო მეთოდოლიგიის მიხედვით. ტარიფი დადგენილია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ამიტომ კომპანია ვალდებული იყო განაცხადი წარმოედგინა.
„თელასის“ გარდა, სემეკს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“, ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენის მიზნით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით „საქრუსენერგომ“ და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით „ვარდნილჰესების კასკადმა“ მიმართეს.