ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მცხოვრებ გუგული თოდუას, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან რეგისტრირდება და შესაბამისად, საარსებო შემწეობასაც იღებდა, გადამოწმების შემდეგ დახმარება მოუხსნეს.
“ათ წელზე მეტი იქნება, რაც საარსებო შემწეობა დამენიშნა, თუმცა, რატომღაც, ახლა ისე მოხდა, რომ გადამოწმების შემდეგ მაღალი ქულა მომანიჭეს და შესაბამისად, დახმარებაც შემიწყვიტეს. არადა, ჩემი ოჯახის მდგომარეობა არანაირად არ გაუმჯობესებულა, პირიქით, ასაკი მომემატა და უფრო მეტად გავხდი შრომის უუნარო. ერთი ხბო მყავდა და ისიც მომიკვდა”, _ გვიყვება გუგული თოდუა.
გუგული თოდუას თქმით, მასთან ერთად ოჯახში მისი პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ცხოვრობს:
“სოციალური შემწეობა მე და ჩემ შვილს გვეძლეოდა, რომელიც ავადაა და მუდმივად მკურნალობას საჭიროებს. ამის დამადასტურებელი ყველანაირი საბუთი მაქვს. არც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაა სახარბიელო _ დიაბეტთან ერთად მხედველობის პრობლემაც მაქვს, თვალზე ორი ოპერაცია გამიკეთდა და ახლა მუდმივად წამლები მჭირდება. თუ შემოსავალი არ მექნა, როგორ უნდა შევიძინო ჩემთვის ან ჩემი შვილისთვის მედიკამენტები, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ძვირდება? აფთიაქში ნისიად არავინ არაფერს არ მოგცემს. მარტო პენსიით კი ორმა ავადმყოფმა ადამიანმა თავი როგორ გავიტანოთ?!” _ კითხულობს გუგული თოდუა, რომელმაც დახმარების თხოვნით “გურია ნიუსს” მომართა.
როგორც თავად ამბობს, ყველგან, სადაც შეიძლებოდა, სცადა, გაეგო გადამოწმების შემდეგ რატომ მიიღო მაღალი ქულები და რატომ დარჩა საარსებო შემწეობის გარეშე მისი ოჯახი, თუმცა, კონკრეტული პასუხი აქამდე ვერავისგან ვერ მიიღო:
“ცხელ ხაზზეც დავარეკინე მეზობელს, სადაც მითხრეს, რომ ეს ამბავი ლანჩხუთში, სოციალურ სააგენტოში უნდა მომეკითხა. ყველგან ვცადე გამერკვია, რა გახდა რეალური მიზეზი, რისთვისაც მე და ჩემი ავადმყოფი შვილი დახმარების გარეშე დაგვტოვეს, მაგრამ აქამდე ვერ გავიგე, რატომ მომანიჭეს მაღალი ქულა. საინტერესოა, რა აღმოაჩინა გადამოწმებაზე მოსულმა სოცაგენტმა ამისთანა ჩემს სახლში, სადაც სახურავი დამპალია და ყოველი წვიმისას ოთახებში წყალი ჩამოდის, რომ დახმარება, რომელსაც არა ერთი წელი ვიღებდი, უცებ მომიხსნეს. გამაგებინონ, ათი წლის წინ თუ მეკუთვნოდა შემწეობა, ახლა რა შეიცვალა, გარდა იმისა, რომ ასაკი მოგვემატა მეც და ჩემს შვილსაც და სახლიც უფრო დაძველდა? მე პასუხი ვერავისგან მივიღე და ახლა, იქნებ, “გურია ნიუსის” საშუალებით მაინც გამაგებინონ”, _ ამბობს გუგული თოდუა.
რა გახდა თოდუების ოჯახისთვის სოციალური შემწეობის შეწყვეტის რეალური მიზეზი, ამის გასარკვევად სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილებას დავუკავშირდით, თუმცა, ორდღიანი ლოდის მიუხედავად, კონკრეტული პასუხი მაინც ვერ მივიღეთ.
ლანჩხუთის განყოფილების ხელმძღვანელი, ეკა წილოსანი დაგვპირდა, რომ საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს ოფიციალურ პასუხს მოგვიანებით მოგვაწვდიდა. მან ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ისიც დასძინა, რომ თუ იქნება წარმოდგენილი გუგული თოდუას ოჯახის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100, შეიძლება ცვლილებების შეტანა.