წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო. მართალია, მმართველ პარტიას ჯერ მერობის კანდიდატი ოზურგეთში ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა, როგორც ცნობილია, მერობის კანდიდატის ვინაობა გადაწყვეტილია და ამ პოსტზე ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ხელმეორედ იყრის კენჭს.
ოზურგეთში უკვე ღიად საუბრობენ, იმაზე რომ არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. ოფიციალურად ცნობილი და დადასტურებულია, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის ოზურგეთის ყოფილი გამგებელი კოტე შარაშენიძე, რომელსაც მხარდამჭერები ჰყავს, როგორც ქალაქში, ასევე, სოფლებში, მათ შორის, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. “გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, კოტე შარაშენიძეს მხარს უჭერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია “გურია ნიუსს“ არაერთმა ყოფილმა თუ ახლანდელმა საკრებულოს დეპუტატმა უთხრა, რომლებიც ასევე, არ მალავენ თავიანთ პოზიციას კოტე შარაშენიძის მიმართ.
აქტიური წინასაარჩევნო მუშაობა დაწყებულია “ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციაში. დანიშნულია აღმასრულებელი მდივანი და შტაბს ჰყავს ხელმძღვანელი გიორგი ღურჯუმელიძე, რომელიც კოტე შარაშენიძის მოადგილეც იყო.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა “ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დავით დარჩიას, რომელიც “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის მხარს უჭერს მხოლოდ პარტიიდან წარდგენილ მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს და „გურია ნიუსის“ მიერ დასმულ შეკითხვას სისულელეს უწოდებს:
“რა სისულელეებია, ნუ ისმენთ ასეთ სულელურ ინფორმაციებს რა, ამაზე პასუხს არ გაგცემთ, მეორედ აღარ შემეკითხოთ! რას ჰქვია კოტეს ვუჭერ მხარს, ვინც დააყენა პარტიამ და “ქართულმა ოცნებამ“, იმას ვუჭერ მხარს, რად უნდა ამას კითხვა“, _ ამბობს დარჩია.
რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ ოზურგეთის მერობის პოსტზე ჯერ კანდიდატი ოფიციალურად არ ჰყავს. თუმცა, აქტიურად განიხილება დაბა ნასაკირალის დეპუტატი ბესო ქათამაძე და ასევე პარტიის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე.
პოლიტსაბჭოს წევრი ბესო ქათამაძე: “ჯერჯერობით, მხოლოდ ჩოხატაურია გადაწყვეტილი, კიდევ მიდის კონსულტაციები, მჟავანაძე არის ერთ-ერთი კანდიდატი, 5 სექტემბერს გვექნება წარდგინება სამივე მუნიციპალიტეტში. ჩემზეც იყო საუბარი, მაგრამ დაზუსტებულია არაფერია. ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მუშაობას, ვმუშაობთ აქტიურად სოფლებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე. შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა კანდიდატის გაჟღერებასთან ერთად გახდება ცნობილი“.
მერობის კანდიდატი არ ჰყავს “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ საქართველოს“ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციას. პარტიის თავმჯდომარე და საკრებულო დეპუტატი თამარ ნადირიძე “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მერობის კანდიდატი, შესაძლოა, რომ საერთოდ არ ჰყავდეთ:
“ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი და არც ჩამოყალიბებული მერობის კანდიდატი გვეყოლება თუ არა, ყველაფერია დასაშვები“, _ ამბობს ნადირიძე.
რაც შეეხება ჩვენს კითხვას, უჭერს თუ არა მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს მერობის პოსტზე, ნადირიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს:
“რაც შეეხება პიროვნულად, ვერაფერს გეტყვით, ვერც პარტიის სახელით გეტყვით. ჯერჯერობით, არანაირი გადაწყვეტილება არ გვაქვს“.
ევროპული საქართველოდან მერობისთვის იბრძოლებს ენმ-ს ყოფილი აღმასრულებელი მდივანი მიხეილ გოგოტიშვილი.