ბორჯომში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს. დღეს „გურია ნიუსი“ ბორჯომში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ქსელ CENN-ის მედიატურის ფარგლებში იმყოფებოდა.
როგორც ჟურნალისტებს CENN-ის რეგიონულმა კოორდინატორმა მარიკო წიქორიძემ განუცხადა, საქართველოს ტყეებში ძალიან რთული სიტუაციაა.
„ბორჯომის ხეობაში ხანძარი იყო საკმაოდ დიდ ფართობზე და ეს პირდაპირ ეხებოდა ჩვენს თემას, მუშაობის სპეციფიკას, არ შეგვეძლო რომ გვერდი აგვევლო და არ მოვსულიყავით.
გული ძალიან მწყდება, რომ თითქმის აღდგენილი ტყე ისევ გადაიწვა. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც დავგეგმავთ უკვე ექსპერტებთან ერთად ტურს და ჟურნალისტებს ექნებათ იმის საშუალება, რომ უფრო ვრცლად და სიღრმისეულად გაეცნონ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც არის შექმნილი ბორჯომის ხეობაში.
ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან რთული სიტუაციაა საქართველოს ტყეებში. ეს არ არის ერთი ლოკაცია, სადაც ხანძარი გაჩნდა და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი აუცილებლად დააჩქარებს ტყის კოდექსის განხილვას პარლამენტში და შემდგომში უკვე მიღებას. ვთვლით, რომ აუცილებელია ქვეყნის სიმდიდრის 40% იყოს მართული და უფრო მეტი ყურადღება მიექცეს, რომ ტყეები უფრო დაცული და მოვლილი იყოს“, _ განაცხადა წიქორიძემ.
შეგახენებთ, რომ ბორჯომში, დაბაში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა.
მას შემდეგ, რაც ცეცხლის ჩაქრობა ადგილობრივი ძალების მიერ ვერ მოხერხდა, ცეცხლის ჩამქრობ სამუშაოებში აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ბელორუსია ჩაერთვნენ.
ხანძრის ჩაქრობაში დახმარების სურვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმაც გამოთქვეს.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული, 1 ბელარუსული და 2 თურქული ვერტმფრენი, ასევე 1 თურქული თვითმფრინავი მონაწილეობს.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საჯარისო ნაწილები ჩაერთნენ. ბორჯომის ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებებია მობილიზებული.
როგორც ცნობილია, ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდგომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ტერიტორიას შეისწავლის, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება განსახორციელებელი ღონისძიებები.
„გურია ნიუსი“ ბორჯომში, დაბაში გადაღებულ კადრებს გთავაზობთ.