“ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბმა წინასაარჩევნო აქტივობები უკვე დაიწყო. სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებთან შეხვედრებიც მიმდინარეობს. გუშინ შტაბმა შეხვედრა ზონის უფროსებთან გამართა.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ მერიაში გრიგოლ კოსტავამ, უთხრა, რომ ის სიორიძის სასარგებლოდ არჩევნებზე არ იმუშავებდა. “მე ქართულ ოცნებაზე ვიმუშავებ, მაგრამ შენზე და შენს გაყვანაზე არაო“, _ უთქვამს კოსტავას.
როგორც “გურია ნიუსთან“ წყარო ამბობს, ახლა ბეგი სიორიძისთვის ამის თქმა, “გმირობაა“.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა მერიის რწმუნებულს გრიგოლ კოსტავას, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა“.
_ ვინ გითხრათ თქვენ ეგ? ასე ახლა ტელეფონში არ მინდა მაგაზე საუბარი, გნახავთ და გეტყვით.
_ რომ გვითხრათ, სად და როგორ მოხდა…
_ ტელეფონში ვერ გეტყვით, გეტყვი, რომ გნახავ.
_ წერთ განცხადებას?
_ ჩვეულებრივად ვარ სამსახურში და არც განცხადების დაწერას ვაპირებ.
“გურია ნიუსი” ბეგლარ სიორიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ აწი ნებისმიერი ინფორმაციისთვის უნდა დავუკავშირდეთ პრესსამსახურს.
“შტაბი ოფიციალურად გაიხსნება და გვექნება პრესსამსახური. ნებისმიერი ინფორმაციისთვის მიმართეთ მას.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას, სიორიძე გვპასუხობს: “საერთოდ არ ვიცი, ვინ არის გრიგოლ კოსტავა, ან რა მჭირს მე ვინმეს გასაყვანი?!”