ამერიკის შეერთებულმა შტატებმა Agile Spirit 2017 სამხედრო სწავლებისთვის ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში, საქართველოში M1 Abrams-ის ტიპის ტანკები, LAV-ის ჯავშანტექნიკა და 500-მდე სამხედრო გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას RUPTLY ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ფოთის პორტში ჩამოსული ტანკების გადმოტვირთვაა ნაჩვენები.
მაუწყებლის ცნობით, მძიმე ჯავშანტექნიკა ვაზიანის მიმართულებით მატარებლით გადაჰყავთ, სადაც სწავლების ძირითადი ნაწილი გაიმართება.
სწავლება, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცების გარდა, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის და უკრაინის 1000-მდე სამხედრო მონაწილეობს, ვაზიანის სამხედრო სასწავლო ცენტრში ჩატარდება.
„ეს არის ყოველწლიური სწავლების მეშვიდე ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებული შტატების, საქართველოს და რეგიონალურ პარტნიორებს შორის ურთიერთქმედების გაზრდას და თითოეული ქვეყნის გაძლიერებას ტაქტიკის, ტექნიკისა და პროცედურების გააზრებაში“,_ამობობენ პენტაგონში.
საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში, რუსეთი კი დიდი ხანია ალიანსის მის საზღვრებთან დაახლოებას აკრიტიკებს.
ივნისში, ფილმის რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნატო აღწერა, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი და განაცხადა რომ ალიანსის წევრები აშშ-ს „ვასალებად“ იქცევიან.
„მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნატოს წევრი გახდება, აშშ-ს ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძნელი იქნება. უეცრად, ამ ქვეყანაში შეიძლება ნებისმიერი იარაღის სისტემა განთავსდეს, ახალი სამხედრო ბაზები და საჭიროების შემთხვევაში ახალი თავდასხმითი სისტემები“,_განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ იძულებული გახდა, რუსეთის საზღვრებთან ნატოს მზარდი საფრთხის გამო შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაეზარდა.