20 ივლისს, ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე, ნათლიის სახლის წინ, საკუთარ ავტომობილში 42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მის დის ქმარი, 33 წლის დიმა ომოლჩენკო, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ჩაცხრილეს.
ორმაგი მკვლელობა ორი იარაღითაა ჩადენილი _ ე. წ. “კალაშნიკოვის” ავტომატიდან და “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტიდან.
მკვლელობა დღისით, დაახლოებით 2 საათზე მოხდა _ საქმეს თვითმხილველები არ ჰყავს.
მკვლელობიდან ერთ საათში შავი “ფოლკსვაგენ პასატი”, რომლიდანაც, სავარაუდოდ, სროლა გახორციელდა სოფელ ოზურგეთში, მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, დამწვარი იპოვეს.
ამ სასტიკი მკვლელობიდან 48 დღე გავიდა, თუმცა, პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
გურამ ფოცხიშვილი დედა, სირენა ფოცხიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცველები დამნაშავეების დაკავებას შეძლებენ:
_ 3 სექტემბერს გურამს 42 წელი შეუსრულდა. როგორც წესი, სამი დღის განმავლობაში აღნიშნავდა დაბადების დღეს. წელს კი სასაფლაოზე აღვნიშნეთ. 48 დღე გავიდა და არაფერია სიახლე. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ პოლიცია შეძლებს ამ საქმის გამოძიებას. ცოტა ხანს დაველოდები, თუ არადა და მერე ჩემი ძალებით ვეცდები ვიპოვო ის ნაძირლები, რომლებმაც შვილი და სიძე მომიკლეს, _ ამბობს სირენა ფოცხიშვილი.
მისივე თქმით, მისი მეუღლე, წარსულში ე. წ. „კანონიერი ქურდი“ დავით ფოცხიშვილი, რომელიც ამჟამად გლდანის ციხეში იხდის სასჯელს, ამ თემაზე არ საუბრობს და შესაბამისად, მისთვის უცნობია, რამდენად სწორია ჩვენი წყაროს ინფორმაცია, რომ მან მკვლელების ვინაობა იცის და შურისძიებისთვის ემზადება:
_ ასეთ რამეებზე დათოს არასდროს უსაუბრია და ახლა მით უმეტეს. გურამიკოც არ საუბრობდა დეტალებზე _ მისგან ვერასდროს ვერაფერს გაიგებდი. დათო უმეტესად ჩემს გოგოს, ლოლიტას ესაუბრება და მხოლოდ ოჯახის წევრების ამბის კითხვით შემოიფარგლება, _ ამბობს ქალბატონი სირენა.
ჩვენ შევეცადეთ მასთან გადაგვემოწმებინა საკმაოდ სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დეტალები იმის შესახებ, რომ დავით ფოცხიშვილს ციხეში ლიკვიდაციით ემუქრებიან.
წყარო ამბობს, რომ ფოცხიშვილის თავიდან მოშორება მკვლელების ინტერესებშია, რადგან მან ციხე რამდენიმე თვეში უნდა დატოვოს და არ არის გამორიცხული, შური იძიოს.
სირენა ფოცხიშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია. იგივეს გვეუბნება მისი ქალიშვილი, მოკლული დიმა ომოლჩენკოს მეუღლე ლოლიტა ფოცხიშვილი:
_ მამას მსგავსი არაფერი უთქვამს. დღესაც ვესაუბრე. ასეც რომ იყოს, ჩვენ არაფერს გვეტყოდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლოლიტამ.
„გურია ნიუსი“ სასჯელაღსრულების სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ ყველა ციხეში უსაფრთხოების მკაცრი ნორმებია დაცული და ეს ინფორმაციაც გათვალისწინებული იქნება.
ჩვენ უფრო მეტი დეტალის გასარკვევად დავით ფოცხიშვილთან გასაუბრებაც ვცადეთ, თუმცა, მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და აღნიშნავენ, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ დამნაშავეების მხრიდან სამხილების განადგურების მცდელობის მიუხედავად, პოლიციას აქვს ერთ-ერთი მკვლელის დნმ _ ქუდიდან, რომელიც, სამართალდამცველებმა ის სოფელ ოზურგეთში, დამწვარი მანქანის სიახლოვეს იპოვეს. სავარაუდოდ, დამნაშავეებს სიჩქარეში, გაქცევის დროს დაუვარდათ.
დანაშაულის ადგილის აღწერით და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიხედვით, დამნაშავეები, სავარაუდოდ, სამნი იყვნენ.
მანქანაში მჯდომი ფოცხიშვილი ავტომატით არის ჩაცხრილული _ მას მანქანის უკანა სალონიდან ესროდნენ… პარალელურად კი მძღოლის მხრიდან რამდენიმე გასროლაა გახორციელებული “მაკაროვის” სისტემის იარაღიდან _ ერთი ტყვია ფოცხიშვილის მანქანის უკანა საქარე მინაშიცაა გაჭედილი.
ფოცხიშვილის თანხმლები, მისი დის ქმარი დიმა ომოლჩენკო დაცხრილვამდე გარდაიცვალა _ მას გული აქვს გახეთქილი.
დაღუპულების ახლობლები ფიქრობენ, რომ ეს შეკვეთილი და კარგად დაგეგმილი მკვლელობა იყო. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ შემკვეთიც და შემსრულებლებიც ერთი და იგივე პიროვნებები იყვნენ.
ამ დრომდე უცნობია დანაშაულის მოტივი. არსებობს რამდენიმე ვერსია _ შურისძიება და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის ამაღლება. ჩვენს მიერ მოკვლეული მასალებით ეს უკანასკნელი ვერსია სიმართლესთან ახლოსაა და გურამ ფოცხიშვილის მკვლელი, როგორც ე. წ. „კანონიერ ქურდებზე“ ხელის ამწევის დამსჯელი (ფოცხიშვილს რამდენიმე კანონიერ ქურდთან ჰქონდა დაპირისპირება. ერთ-ერთი კი დანაჭრელი ჰყავდა), მალე თავად მიიღებს ე. წ. „კანონიერი ქურდის“ სტატუსს.
როგორც ამ სამყაროსთან დაახლოებულმა წყარომ გვითხრა, ეს საკითხი ცოტა ხნის წინ, აფხაზეთში გამართულ „ქურდულ სხადნიაკზეც“ განიხილეს და სწორედ იქ გაირკვა, რომ ეს მკვლელობა იყო კონკრეტული პირების შურისძიება კონკრეტულ დანაშაულზე, არამედ გავლენის ამაღლების და სტატუსის მიღების მცდელობა კრიმინალურ სამყაროში, სადაც მიაჩნიათ, რომ ე. წ. „კანონიერ ქურდზე“ ხელის ამწევი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
_ ვერსია ბევრია და სიმართლე ერთი _ ჩემი შვილები მკვდრები არიან. არ ვიცი ეს ვინ ჩაიდინა, მაგრამ ის ვიცი, რომ მკვლელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. გურამიკომ თუ ვინმეს რაიმე დაუშავა და აწყენინა, დიმა რა შუაში იყო?! ყოველდღე, პატარა დათუნა მამას ელოდება. გვეკითხება რატომ გვაქვს სახლში დიმას დიდი ფოტო. კითხვებს სვამენ გურამიკოს გოგონებიც და მე პასუხი არ მაქვს. იმედი მაქვს ამ პასუხებს პოლიცია მაპოვნინებს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას სირენა ფოცხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გურამ ფოცხიშვილი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი იყო და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წლების წინ ე. წ. „კანონიერ ქურდებთან“ დაპირისპირებაც ჰქონდა.
ის 2006 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და 25 წელი მიუსაჯეს.
ციხე მან 2013 წელს ამნისტიის კანონის შედეგად დატოვა და, როგორც ამბობენ, ბიზნესით იყო დაკავებული.
ამავე თემაზე იხილეთ: სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები _ რა იპოვა პოლიციამ დამწვარ მანქანასთან