საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები 2016 – 2017 წლებში, ყალბი მინდობილობების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, გერმანიის და ყაზახეთის ორი მოქალაქის კუთვნილ ჯამში 11 444 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება 4 მლნ ლარს აღემატება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 – ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.