ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დასწრებია.
გიორგი მამალაძის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ პირველ სექტემბერს გავიდა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.
დეკანოზი მერვე თვეა, რაც პატიმრობაშია. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს.
1tv.ge