საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინიდან ექსტრადირებისა და საქართველოში წაყენებული ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მიხეილ სააკაშვილი ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წაყენებული სსკ 182-ე – სხვისი ქონების მითვისება, დაუფლება და გაფლანგვა; სსკ 333-ე და 332-ეს მეორე ნაწილი, მაღალი თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.
აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილს 2014 წელს შეეფარდა.
ბრალის ფორმულირების მიხედვით, საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. წაყენებული ბრალი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმ შემთხვევაში თუ უკრაინა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას მოახდენს და მას ქართული სასამართლო ბრალს დაუმტკიცებს, ექსპრეზიდენტს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. წაყენებული 3 ბრალიდან სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი ყველაზე მაღალ სასჯელს ითვალისწინებს, შესაბამისად სამივე საქმეზე დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ის დანარჩენ სასჯელს შთანთქავს.