„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით „შენების მოძრაობის“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი გოჩა მეგრელიშვილი იქნება.
მეგრელიშვილის კანდიდატურას, რომელიც „ქართული ოცნების“ გურიის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, ორ დღეში ოფიციალურად დაარეგისტრირებენ.
ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იგი არა პარტიის, არამედ მოძრაობის კანდიდატია:
_ კენჭს უპარტიოდ ვიყრი. ეს არის მოძრაობა და არა პარტია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მეგრელიშვილმა.
_ ბატონო გოჩა, როგორც ვიცით კანდიდატობა “ქართული ოცნებიდან” გინდოდათ, მაგრამ უარი გითხრეს. სხვა არხებით რატომ გადაწყვიტეთ კანდიდატურის დაყენება _ “ოცნებას” გაუბრაზდით?
_ არავის არ გავბრაზებივარ. ეს პარტიული არჩევნები არაა, ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებია. იდეოლოგიური წინააღმდეგობა კარგად იცით რომელ პარტიებთანაც მაქვს. მოსარიდებელი არავისთან მაქვს და რომ გავბრაზებულიყავი, ხმამაღლა ვიტყოდი. ეს დემოკრატიული პროცესია და პოლიტიკის ნაწილი.
_ ჩოხატაურის მერობა თქვენი თვითმიზანია?
_ კარგად მართვა კი.
_ რითი უპირისპირდებით ოპონენტებს?
_ დაპირისპირება ცოტა გადაჭარბებულ შეფასებად მეჩვენება.
_ გადაუჭარბებელი შეფასება რაა?
_ დაპირისპირება ჩხუბში ვიცი. ამ შემთხვევაში, მგონია, შეჯიბრებითობა უფრო სწორი ტერმინი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას მეგრელიშვილმა.