ერთ-ერთი მთავარი, რაც გურულებმა ცხრაასიანი წლების დასაწყისში თვითმმართველობის პერიოდში დააფუძნეს იყო სახალხო-რევოლუციური სასამართლო. ორიოდე სიტყვით მინდა მასზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელსაც ლუიჯი ვილარი ადამიანის ინსტიტუციების ყველაზე პრიმიტიულ ფორმას უწოდებს და ასევე უნიკალურს თანამედროვე დროისთვის. კორუმპირებულ რუსულ სასამართლო სისტემას გურულებში ყველანაირი ნდობა ჰქონდა დაკარგული. ოზურგეთის მაზრაში სამი რუსული სასამართლო მოქმედებდა – ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში. ბოიკოტის შედეგად სამივე უმოქმედოდ იყო, არა თუ ახალი საქმეები, არამედ რაც ძველი იყო, ისიც უკან გამოჰქონდა ყველას. ,,ოზურგეთის მოსამართლეს უფროსებისთვის მოუხსენებია, რომ ხალხი ჩემთან აღარ დადის, მე არაფერსა მთხოვს და საქმე არაფერი მაქვსო,” – წერდა გაზეთი ,,საქართველო” (პარიზი, #15 1905). სასამართლოები საქმის წარმოებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ვერავინ კისრულობდა უწყებების ჩაბარებას. მოწმეები სასამართლოში არ ცხადდებოდნენ და ა. შ. ერთმა გურულმა კრიმ-გირეისთან შეხვედრაზე განაცხადა: ,,სამართალი რომ არ გვაქვს და მოსამართლეები არ გვყავს ეს ყველასათვის ცხადია. ჩვენი მოსამართლეები სიტყვით არიან მსაჯულები, თორემ მათი მოქმედება ხელაღებით უსამართლობაა. კანონებს გვიწერენ ვიღაც-ვიღაცა ჩინოვნიკები, რომლებსაც ჩვენი ცხოვრების ავან-ჩავანი არ გაეგებათ… ხშირად მოსამართლეებს ჩვენი ენა არ ესმით და პირადი თხოვნით მიმართვა არ შეიძლება. უნდა წახვიდე და აწერიო ვინმე ,,აბლაკატს” (ადვოკატი – ი. მ.) თხოვნა და ამაში ცალკე ფული იხადო. გარდა ამისა სამართალში ქრთამი უნდა ხარჯო და ვინ იცის კიდევ როდის ეღირსება საქმის გარჩევას… მოვითხოვთ ხალხისაგან ამორჩეული ნაფიცი მსაჯულების შემოღებას. ყველა სასამართლოებში საქმის წარმოება ადგილობრივ ენაზე უნდა სწარმოებდეს და მსაჯულმა უნდა იცოდეს მომჩივნის ენა.” მას შემდეგ რაც გურულებმა საკუთარი სასამართლო შექმნეს, გურიის არც ერთი მცხოვრებელი აღარ ეკარებოდა რუსულ მართლმსაჯულებას. სამოქალაქო და სისხლის სამართლი საქმეები ირჩეოდა სახალხო სასამართლოში ყოველ კვირას, ხალხის თანდასწრებით. ყოველი სოფელი დემოკრატიულ საწყისებზე ირჩევდა მოსამართლეს. კორუფციას რომ არ ჰქონოდა ადგილი მოსამართლეები ხშირად იცვლებოდნენ. ნიკო მარი იუწყებოდა, რომ ,,ქაღალდზე საქმის წარმოება სრულებით მოსპობილია. სასამართლო უსასყიდლოდ არჩევს საქმეებს. სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინვე სისრულეში მოჰყავთ. საოჯახო საქმეებში, მაგ., გაყრის დროს ძმები თვითონ უნდა მორიგდნენ მედიატორეებით, მედიატორეების გადაწყვეტილებაზე შეიძლება საჩივარი საზოგადოების კრებაზე.
ზოგიერთ შემთხვევაში თვით საზოგადოება ირჩევს მსაჯულებს ამა თუ იმ საქმის გადასაწყვეტად. საზოგადოებას შეუძლიან არჩეულ მსაჯულების გადაწყვეტილება უარჰყოს და თვითონ მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას დაადგეს. …ჯერ მაგალითი არ ყოფილა იმისი, რომ ვისმე დაემალოს რამე ავაზაკობა, გამოძიებას თვით საზოგადოება ახდენს, არჩეულ კომისიის საშუალებით. ჯერ მაგალითი არ ყოფილა, რომ ქურდი, ან ავაზაკი არ აღმოეჩინოს ხალხს და ამ მხრივ ყველა მადლიერი რჩება ამ სასამართლოში.” სახალხო სასამართლოს თავად-აზნაურებიც კი მიმართავდნენ, რადგან ის სწრაფად და უფრო სამართლიანად არჩევდა საქმეებს რუსული სასამართლოსგან განსხვავებით, სადაც პროცესები ხანდახან 8-10 წელიწადს გაგრძელებულა; ყოფილა შემთხვევები, როცა ამ ხნის განმავლობასი მომჩივან-მოპასუხეებიც და მოწმეებიც გარდაცვლილან და მერე დაუწყია სასამართლოს საქმის გარჩევა.
თუ როგორ მუშაობდა გურულების სასამართლო, მაგალითისთვის ასეთ ფაქტს მოვიტან: სოფელ აკეთში ორი ებრაელი გაძარცვეს. დამნაშავეების გამოსარკვევად დაუყონებლივ ,,გამოიყო ქურდების მომნახველი კომისია დათიკო შევარდნაძის ხელმძღვანელობით.” სულ მალე გაირკვა, რომ მძარცველები წითელრაზმელები ყოფილან. ნაგომარში მრავალრიცხოვან კრებას წარუდგინეს ქურდები მამხილებელი საბუთებით – ფულითა და გატაცებული ნივთებით. საბოლოოდ, კრებამ თითოეულ მათგანს შეუფარდა ბოიკოტი ერთი წლის ვადით, რაც მკაცრად ყოფილა შესრულებული. უამრავი თვითმხილველისა და მოწმის ჩვენებით, გურიის თვითმართველობის პერიოდში, ძარცვა-გლეჯა და ავაზაკობა ლამის მთლიანად ამოიძირკვა, დამყარდა სრული წესრიგი. თავად მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ლუიჯი ვილარისთან საუბარში განაცხადა, რომ გურული სასამართლო ,,მართლმსაჯულებას ბევრად უფრო პატიოსნად და ეფექტურად ახორციელებს, ვიდრე ამას სახელმწიფო სასამართლოები აკეთებენ.” გურული სასამართლოს პოპულარობა გასცდა გურიის ფარგლებს და მისი გამოცდილება საქართველოს დედაქალაქშიც გაიზიარეს. ,,ცნობის ფურცელი” (#2948, 1905) იუწყებოდა: ,,გურიის სახალხო სასამართლომ ჩვენამდისაც მოახწია და აქაც იჩინა თავი. ამ დღეებში ჯიბგირები… ქუჩა-ქუჩა ატარეს სახედრებით. ამ ფაქტით შეძრწუნებული ჯიბგირები შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს, როგორ უშველონ თავიანთ საქმეს. ამოირჩიეს რწმუნებულნი, გაჰგზავნეს პროგრესიულ პარტიებთან და შეუთვალეს, ჩვენ ამ ხელობით ვცხოვრობთ და სანამ სხვა ხელობას თქვენ თვითონ არ გვიშოვნით, ვერ დავანებებთ ამ ხელობას თავსაო. ჯიბგირებმა აგრეთვე დაადგინეს, სანამ ამ პარტიებიდან პასუხი მოვიდოდეთ, ჯიბგირს თავი გაანებონ.”
გურიის ზოგიერთ საზოგადოებაში სასამართლოს მიერ გამოტანილ სასჯელს ,,დამამცირებელი ფორმები” ჰქონდა: ღალატში შემჩნეული ქალი – მთლად შიშველი, საყვარელს მხრებზე აკიდებული უნდა წაეყვანა ქმრის სახლამდე, ან ვირზე შემჯდარ შიშველ საყვარლებს მთელი სოფელი უნდა ჩამოევლოთ და საკუთარი ცოდვის შესახებ ყველასთვის მოეთხროთ; ჩექმების ქურდს აიძულებდნენ ხელებზე წამოეცვა მოპარული ნივთი და ისე გაევლო მთელი სოფელი და მრავალი სხვა. დროთა განმავლობაში მსგავსი განაჩენების გამოტანა შეაჩერეს. (მსგავს მეთოდებს იყენებდნენ საქართველოს სხვა მხარეებში და ამას იმით ამართლებდნენ, რომ ,,ესეთი გასამართლება გურიაში სცოდინაითო.”) თუ ყაჩაღობასა და ქურდობაში ეჭვმიტანილი აღიარებდა დანაშაულს – პირველ შემთხვევაში მას აპატიებდნენ, მაგრამ აფრთხილებდნენ, რომ თუ ის არ შეეშვებოდა ამ საქმეს, ორმაგად დასჯიდნენ. ღამ-ღამობით სპეციალურად შერჩეული პირები ქურდის სახლთან მიდიოდნენ და ახსენებდნენ, რომ ისინი გამოსწორების გზაზე დამდგარიყვნენ. არსებობდა დასჯის სხვადასხვა მეთოდი – დამნაშავეებს საჯაროდ უნდა მოეხადათ ბოდიში, მათ აგზავნიდნენ საზოგადოებრივ სამუშაოზე, ხანდახან მუშაობა მსუბუქი ბორკილებით უხდებოდათ (ბორკილები ფეხებზე ადებდნენ ექვსი თვით ან ერთი წლით), მათ სხვადასხვა დროით ასახლებდნენ სოფლიდან, იშვიათად გურიის ფარგლებს გარეთ. სასამართლოს იშვიათად გამოჰქონდა სიკვდილით დასჯის განაჩენი (უმთავრესად ჯაშუშობისთვის), რადგან სიკვდილით დასჯა მიაჩნდათ გადამეტებულ სისასტიკედ და რომ გურიის თავისუფალ ხალხს არ შეუძლია იკისროს ჯალათის როლი. როგორც ჩანს, თავადების, მემამულეებისა და ჯაშუშების მკვლელობას ჯალათობის კლასიფიკაცია არ ეძლეოდა…
მძიმე და გახმაურებულ დანაშაულის დროს რამდენიმე რაიონის მცხოვრებლები იკრიბებოდნენ და ისე წყვეტდნენ საქმეს. 1905 წლის აგვისტოში გაიქურდა ჯუმათის მთავარანგელოზის მონასტერი. ექვსი შეიარაღებული მძარცველი შევარდა მონასტერში, დაჭრა წინამძღვარი და გაიტაცა 15 ათასი მანეთის ღირებულების ხატები და სხვა ძვირფასეულობა. მთელი გურია ფეხზე დადგა და ,,დიდი მეცადინეობის შემდეგ როგორც იქნა მიაგნეს ავაზაკებს. ეს ავაზაკები ბრძანდებიან სოფ. აცანიდან… კომისიამ ავაზაკები დამტვრეული ნივთებით წარუდგინა კრებას. 4 სექტემბერს კრებას დაესწრო არანაკლებ 3000-4000 ქალისა და კაცისა. ავაზაკებმა კრებას აუხსნეს, თუ როგორ ჩაიდინეს ეს საზიზღარი დანაშაულობა. ერთი დამნაშავე წილოსანი სპარსეთში გაპარულიყო და იქიდან მოიყვანეს.” აღსანიშნავია, რომ ყველა მოპარული ნივთი უკან ვერ დაიბრუნეს, ალბათ, მძარცველებმა მათი რეალიზაცია მოასწრეს. როცა მიდგა ჯერი სასჯელის გამოტანაზე, განხეთქილებამ იჩინა თავი – ზოგი მოითხოვდა სიკვდილით დასჯას, საუკუნო ბოიკოტს. ერთმა დამსწრეთაგანმა მათი გამართლება მოითხოვა, რადგან ,,სოციალ-დემოკრატებმა სინათლე დაგვანახეს და სასჯელის კი არა, საჩუქრის ღირსნი არიანო.” საბოლოოდ მძარცველებს ორი წლით მონასტერში დამწყვდევა მიუსაჯეს (გურულები დასასჯელად ციხეს არ იყენებდნენ) და როგორც აღნიშნავდნენ, ეს ჩაითვალა უმაღლეს სასჯელად, რადგან ,,გურულებს არ უყვართ მღვდლები და ბერები და მათთან ერთად ცხოვრება გაუსაძლისად მიაჩნიათო.” შემდეგ გაიმართა ბჭობა ნაძარცვი ნივთების თაობაზე. გამოითქვა აზრი, რომ მთელი ეს ქონება კომიტეტს გურულებისთვის იარაღის შესაძენათ გადასცემოდა. ამაზე კომიტეტმა უარი განაცხადა და შესთავაზა შექმნილიყო კომისია, რომელიც ამ ქონებას ხალხის საჭიროებისათვის გამოიყენებდა. საინტერესოა, რომ ასეთი სასამართლოები გურიის რესპუბლიკის დამხობის შემდეგადაც იმართებოდა და მოსახლეობა აქტიურად ებრძოდა ქურდებსა და მძარცველებს. 1908 წლის გაზეთ ,,ეკალში” ვკითხულობთ: ,,სოფ. ციხისფერდში (გურიანთის საზოგადოება) ღამით გაძარცვეს ეკლესია, ქურდებმა წაიღეს რამდენიმე ხატი და სხვადასხვა ნივთები, ამას მოყვა რეპრესიები. მეორე დღეს ხალხს გადაახდევინეს 161 მანეთი ნივთების ფასი, ითხოვდნენ სასტიკად ქურდებს. ათი დღის განმავლობაში ყრილობები ყრილობებზე იმართებოდა. ხალხმა ქურდები აღმოაჩინა და პოლიციას გადასცა. ნასაკირალზე ეტლები გაძარცვეს… ქურდები ნახეს, რამდენიმე გაიქცა და რამდენიმე ხალხმა მთავრობას ჩააბარა. ს. ლიხაურში გაძარცვეს ორი დუქანი; ხალხის მხრივ ენერგიული ზომებია მიღებული ქურდების აღმოსაჩენათ. აკეთის საზოგადოებაში გაძარცვეს მეწაღის დუქანი. მიქელ გაბრიელის საზოგადოებიდან ხალხმა ქურდები ამოიყვანა ოზურგეთში. ქურდებს ნაპარევი ნივთები ზურგზე ჰქონდა დაკრული. ხალხმა ქურდები გამომძიებელს გადასცა. ჩოხატაურში შანტაჟისტებმა ბავშვის მოტაცება მოინდომეს ამ დღეებში, მაგრამ ხალხმა გაუგო და დაიჭირა…” მძარცველები არავის ეპუებოდნენ – 1905 წლის 29 მაისს შეიარაღებული პირები ნატანებიდან ეტლით მიმავალ თვით მაზრის უფროსს ქელბაქიანს დახვდნენ და წაართვეს ხმალი, რევოლვერი, ფული, საათი და სხვა ნივთები. მაზრის პოლიცია ფეხზე დადგა, ერთი მძარცველი რამდენიმე დღის შემდეგ თავად ქელბაქიანმა შეიპყრო ოზურგეთის ბაზარში. ყაჩაღებთან ბრძოლის ეფექტურობისათვის სხვადასხვა სასოფლო საზოგადოებიდან იქმნებოდა კომისიები და ისინი თავად ეძებდნენ ყაჩაღებს.
გურიიდან განდევნილი ქურდები და ავაზაკები გადადიოდნენ სხვა მაზრებში და ადგილობრივ კრიმინალურ ელემენტებთან ერთად ეწეოდნენ ძარცვა-გლეჯას. ვლადიმერ სტაროსელსკის მოჰყავს რამდენიმე მაგალითი: ,,ჭიათურაში გაძარცვეს ფოსტის კანტორა, წაიღეს 40 000 მან., რომელიც მარგანეცის მრეწველების მიერ იყო გაგზავნილი მადნის მუშებისათვის, იქვე ორჯერ გაძარცვეს ერთი მარგანეცის მრეწველთაგანი; ქუთაისში დღისით-მზისით, ხალხით სავეს ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში, აზოვო-დონის ბანკის მენადეს წაართვეს ზანდუკი ფულით… ზესტაფონში მოჰკლეს სადგურის მოლარე ზალდასტანაშვილი. ამ ბოროტ-მოქმედებათაგანი მხოლოდ ერთი იყო აღმოჩენილი პოლიციის მიერ და იპოვა აზოვო-დონის ბანკის ზანდუკი ფულით. მაგრამ გამტაცებელნი მიიმალნენ… (1905 წლის) ოქტომბრის გასულს და ნოემბერში ამ მძარცველებათა უმეტესი ნაწილი შეპყრობილ იქმნა და მრავალი იმათგანი თვით ხალხმა დასაჯა სიკვდილით. პოლიციას ხელში რჩებოდა მხოლოდ ტყვიით დახვრეტილთა გვამები, რომლებსაც აწყობდნენ დიდ საურმე გზაზე.”