„პატრიოტთა ალიანსი“ ლანჩხუთში ყველა დამფუძნებელმა დატოვა“ _ ამ განცხადებას სოციალურ ქსელში პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის აწ უკვე ყოფილი წევრი გელა კვერენჩხილაძე ავრცელებს.
ვინ და რა მიზეზით დატოვა „პატრიოტები“ გელა კვერენჩხილაძესთან ერთად და რა სამომავლო გეგმები აქვთ ამ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიიდან წასულებს, ამ საკითხებზე კვერენჩხილაძე „გურია ნიუსთან“ კომენტარს არ აკეთებს და ამბობს რომ ამ თემებზე სასაუბროდ ბრიფინგის გამართვა აქვს დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, ლანჩხუთში მერობის კანდიდატად „პატრიოტთა ალიანსმა“ „ოცნების“ ყოფილი აქტივისტი ლელა ჩახვაძე დაარეგისტრირა, რომელიც პარტიულ სიასაც ლიდერობს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა ლანხჩუთში შიდა პარტიული დაპირისპირების მიზეზი. ამასთან, რამდენიმე დღის წინ, ჩახვაძის კანდიდატურის მიუღებლობის გამო, „პატრიოტებს“ გამოეთიშა ელგუჯა ჩხაიძე, რომელიც პარტიის ლიდერად და სიის პირველ ნომრად მოიაზრებოდა.
პარტიის ძველი შემადგენლობიდან ლელა ჩახვაძის გუნდში დარჩენას არჩევს და წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაბმულია საკრებულოს მოქმედი დეპუტატი დარეჯან ბურჭულაძე, რომელიც პარტიულ სიაში მეორე ნომრადაა დაფიქსირებული.