ძნელია, მახსოვდეს, კონკრეტულად რომელ ქონებებს ვფლობ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გრიგოლ მიქელაძემ განუცხადა, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ძალიან ბევრი ქონება აქვს და ყველაფერი დეკლარაციაში წერია.
„90-იანი წლებიდან, როცა ქვეყანაში ძალიან რთული პირობები იყო, სამეწარმეო საქმიანობას ვეწეოდი და მაქვს როგორც საწარმოები, ასევე უძრავი ქონება. არ ვიცი, ორგანიზაციამ რა ნახა?! როცა დეკლარაციას ნახულობენ და წერენ, თითქმის, საზოგადოებას აჩვენებენ, რომ რაღაც ქონებას ვფლობ, მაგრამ რა თქმა უნდა, ქონებას ვფლობ, რომელიც გაქირავებულია. იურისტებთან ერთად დეკლარაცია შევავსე და თუ რაიმე შეცდომაა დაშვებული, რაც არ მგონია იყოს, შეიძლება გასწორებული იყოს. უძრავი კაპიტალი პირადად ჩემზე ირიცხება, მას არ ვმართავ და თანხები შემოდის. ამ თანხებიდან ჩემს ირგვლივ ადამიანებს და ძალიან ბევრს დახმარება რომ სჭირდება, ვეხმარები.
ყველა ბიზნესს თავისი ხელმძღვანელი ჰყავს, დივიდენდის აღების უფლება მაქვს და ვინმემ ეს შემიზღუდა? დეპუტატმა დივიდენდი უნდა მიიღოს და ამის უფლება მაქვს. აბა, როგორ? – ქონებას ვფლობ. ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული მაქვს, სახელმწიფოს თავის გადასახადებს ვუხდი, თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგოა, გავასწორებ. როცა დეპუტატად ამირჩიეს, იურისტები მოვიწვიე და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანეს დოკუმენტაცია.
შენობა, რომელიც პირადად მე მეკუთვნის, გაქირავებულია, ყოველთვიურად თანხები მერიცხება და ეტყობა, ის თანხებია, ეს შემოსავალი. ძალიან მინდა, რომ ბიზნესი გაიზარდოს, მაგრამ ბიზნესში მონაწილეობას არ ვღებულობ”, – განაცხადა მიქელაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ინფორმაციით, შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული აქვთ – კახაბერ ოქრიაშვილს („ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის”) – 17,429,052.00 ლარი; გრიგოლ მიქელაძეს („ქართული ოცნება”) – 1,185,000.00; ელგუჯა გოცირიძეს („ქართული ოცნება – მრეწველები”) – 1,011,839.00 ლარი.
1tv.ge