წუხელ, ღამის საათებში და დღეს, დილით, კოკისპირული წვიმის შედეგად, უცებ ადიდდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის და ქაქუთის პატარა და დიდი ღელეები. ზოგიც წვიმის წყლის შედეგად წარმოიქმნა და ერთბაშად გადაიარა ხიდბოგირებსა და გზებზე, ყანებსა და ნათესებში.
მუნიციპალიტეტის გამგებლის წარომადგენელი ჭანიეთში მერაბ ბერაძე, „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ უფრო სოფლის შიდა გზები დაზიანდა და ადგილობრივი ძალებით აწესრიგებენ. ხიდბოგირებზე უცაბედად მოვარდნილმა ადიდებულმა ღელეებმა ერთბაშად გადაიარა, თუმცა მალევე საწყის კალაპოტს დაუბრუნდა.
_ სტიქია არა, ეს უფრო ღვარცოფი იყო, უცაბედი და ხანმოკლე წვიმის შემდეგ წარმოშობილი. წვიმა პერიოდულად ჩერდება და იწყება. გადაუღებელი წვიმა რასაც ჰქვია, ეს არ ყოფილა. ყურადღებით ვართ და თუ ამინდი გაუარესდა და საშიშროება იქნება, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შევატყობინებთ, რომ დამხმარე ძალა გამოგზავნონ. ჯერჯერობით კი სიმშვიდეა. ამ წუთებში წვიმამ გადაიღო და ცაც ნაწილობრივ მოიწმინდა, _ გვითხრა ბერაძემ.