ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საჩივარზე, რომლის თანახმადაც ქალაქ ოზურგეთის მერიის ოფიციალური გვერდი პირდაპირ გადადიოდა ბეგი სიორიძის ოფიციალურ გვერდზე, პირველ კომენტარს აკეთებენ ქალაქის ადმინისტრაციულ ორგანოში:
„ეს არ გახლავთ მიზანმიმართული ქმედება, რადგან საქმე გვაქვს ტექნიკურ ხარვეზთან. ვინაიდან, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მის ფეისბუქ-გვერდს _ “ბეგლარ სიორიძე/beglar sioridze“, სადაც პრეს-სამსახური მერის საქმიანობის ამსახველ მასალებს ანთავსებდა, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში შეეცვალა სახელწოდება _ “ბეგლარ სიორიძე ოზურგეთის მერად/beglar sioridze ozurgetis merad“
ქმედება არ განხორციელებულა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიზნით, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ხსენებულ ვებ-გვერდზე ozurgeti.gov.ge არ არსებობს არცერთი ფოტო-ვიდეო თუ სხვა სახის მასალა, რომელიც შეიცავს სააგიტაციო საქმიანობის ნიშნებს.
ამ დროისთვის ხსენებული ხარვეზი გასწორებულია,“ _ მოგვწერეს მერიიდან.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს ამ საკითხის გამოსაკვლევად სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განცხადებით მიმართა, რომელი განცხადებაც ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას გადმოეგზავნა განსახილველად.