ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ შრომისუბანში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ირკვევა, სოფელ შრომისუბანში მსხვილფეხა პირუტყვი, სავარაუდოდ, მგელმა ან ტურამ დაკბინა, რომელსაც გარკვეული ხნის შემდეგ ცოფის კლინიკური ნიშნები დაუდგინდა. მკვდარი პირუტყვის თავი შესასწავლად სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა, სადაც დადასტურდა ცოფის ფაქტი.
გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე და გურიის გუბერნატორის განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ. შრომისუბნის ტერიტორიაზე დაწესებულია და მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიების გატარება.