ახალგაზრდა მოგზაური ონისე ჯანაშია მთელი წლის განმავლობაში საქართველოს კუთხეებს სტუმრობს. ის მეგობრებთან ერთად მოგზაურობს, რომ უფრო მეტი გაიგოს და ნახოს საქართველოს შესახებ. ხშირად ავტოსტოპით დადიან.
ონისე უცხოელ ტურისტებთან ერთად სწორედ მაშინ ესტუმრა მთის კურორტს, როცა გურიაში, გომისმთაზე თოვდა.
“შინაგანად ვგრძნობ სიახლოვეს იმათთან, ვინც ბუნებასთან ახლოს არის. ცოტა სხვანაირები არიან მიწასთან და ბუნებასთან ახლოს მყოფი ადამიანები”. _ გვითხრა ონისემ.
მისი თქმით, გურიაში შემოსვლისთანავე იგრძნობა ადამიანის სიყვარული დედაბუნების მიმართ.
“გურია ერთ-ერთი საოცარი მხარეა საქართველოში, რომელიც გამოირჩევა თავისი ბუნებრივი ღირშესანიშნაობებით, ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური მრავალფეროვნებით. მთებს შუა ჩაფლული გურია ბუნების საჩუქარია, საოცრებაა გარშემო, სიტყვებით ვერ აღვწერ ამ კუთხის სილამაზეს. ადამიანების დამოკიდებულებას ტრადიციების მიმართ. დღემდე მეტ-ნაკლებად შემორჩენილია ყველა ტრადიცია, რომელიც ოდითგანვე გადმოგვეცა წინაპრებისგან. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კუთხეში ცხოვრობენ და ინარჩუნებენ ჩვენს ადათ-წესებს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სახლია მიტოვებული, რომელთა კერიაც გაღვივებას ელოდება. იმედი მაქვს, ყველანი დაუბრუნდებიან თავიანთ ფუძეს“, _ გაგვანდო თავისი შთაბეჭდილებები ონისე ჯანაშიამ.
ფოტოების ავტორი ონისე ჯანაშია