პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი კლინიკა „ავერსის“ თანამშრომლებს შეხვდა და მათ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
„მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის რეფორმა, საყოველთაო დაზღვევისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამების ჩათვლით, ერთ-ერთი სამაგალითოა, რაც ბოლო წლებში განხორციელდა. მოსახლეობის ხელისაწვდომობა ჯანდაცვის მომსახურებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში, მხოლოდ 2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 7 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რაზეც 1,7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
მისივე თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამების ფარგლებში, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯები ფინანსდება, რომლითაც არაერთმა მოქალაქემ ისარგებლა.
„მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით კიდევ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება, ჩვენი ლანჩხუთისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.