ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ალეკო ჩხაიძის კაპიტალური შენობა მთლიანად დაანგრია.
„აცანაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩამოწოლილმა მეწყერმა მთლიანად მიწასთან გაასწორა ჩხაიძეების ოჯახის კუთვნილი კაპიტალური „კუხნა“, ასევე, დაზიანებულია მათი საცხოვრებელი სახლის ნაწილიც.
გარდა ამისა, ჯიჯიეშვილების უბანში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზა მწყობრიდან გამოვიდა. სოფელში არაერთ ადგილას დაზიანებულია მილხიდები, სოფლის შიდა გზები“, _ ამბობს აცანის მაჟორიტარი დეპუტატი ემზარ თედორაძე.
ჯიჯიეშვილების უბანში ჩამოწოლილ მეწყერს ერთ-ერთ დაზარალებული თორნიკე ჯიჯიეშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები 11 ოჯახი ამ ტერიტორიაზე გახორციელებულმა გამაგრებითი სამუშაოების მილიონ-ნახევრიანმა პროექტმა უფრო დააზარალა და უარეს დღეში ჩააგდო.
„ამ პროექტით მხოლოდ სოფლის ცენტრი გამაგრდა შედარებით, მოსახლეობა კი განწირული დარჩა. აჰა, შედეგიც სახეზეა“, _ ამბობს დაზარალებული თორნიკე ჯიჯიშვილი.