ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია, მაგრამ ევროკავშირის მონაცემებს მაინც ორჯერ აღემატება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
საქართველოს ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მონაცემები მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დირექტორს კლაუდია შტეინს წარუდგინა:
“პროგრესია ბავშვთა სიკვდილიანობაში, ჩვენ შევასრულეთ ათასწლეულის მიზნები და 2/3-ით შევამცირეთ 1 წლამდე და 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლები, მაგრამ ჯერჯერობით ეს მაჩვენებლები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლებზე მაინც ორჯერ მეტია. პრობლემები გვაქვს დედათა სიკვდილიანობაში, თუმცა, აქაც ბოლო წლებში სერიოზული პროგრესი გვაქვს,” – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, 20 მთავარი ინდიკატორიდან, რითიც ფასდება ჯანდაცვის სისტემა, 19 ინდიკატორში საქართველოს მიღწევა აქვს.
საქართველოში დაავადებების აღრიცხვიანობა, დაბადება-გარდაცვალების რეგისტრაცია გაუმჯობესებულია, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს გამოწვევების შეფასებას და მასზე რეაგირებისთვის სწორი პოლიტიკოს განსაზღვრას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის კლაუდია შტეინის ინფორმაციით, საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 53 ქვეყანას შორის, საბერძნეთის, სლოვენიისა და მოლდოვას შემდეგ, მეოთხეა, რომელმაც ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონახაზი შეიმუშავა.
მისი შეფასებით, ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები, ერთ-ერთი გამოწვევა ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებაა.