“ფაროსანები იზამთრებენ ყველგან, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებში და არ არის გასაკვირი, რომ გადმოვიდნენ. ერთეული შემთხვევები ყველგან იქნება, შემოსევა არ არის, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის გამო ფაროსანა ყველგან იქნება, _ ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა.
ლიპარტიას განცხადებით, აზიური ფაროსანა თბილისის გარდა, გორსა და კახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დააფიქსირეს.
მისივე თქმით, კახეთში უკვე განთავსთდა ფაროსანას დასაფიქსირებელი მოწყობილობები.
“ფაროსანას დასაფიქსირებელად 1200 მოწყობილობა განთავსდა კახეთში და ამდენივე იქნება გორშიც, მაგრამ ჩვენს მონიტორინგის სამსახურს ჯერ არ დაუფიქსირებია მავნებელი. ატამში, ვაშლში, მსხალში და აღმოსავლეთ საქართველოს ხილის კულტურებში მავნებელი წელს არ ყოფილა”, _ თქვა ზურაბ ლიპარტიამ.
აზიური ფაროსანას გასანადგურებლად, სეს-ის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი. თბილისში ასეთი ხაფანგი 11 ადგილზეა დამონტაჟებული.
ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).