ნუცუბიძეზე, დაკავებისას დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების შედეგების და იმ მტკიცებულებების გასაჯაროებას ელოდებიან, რომელიც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელის სოფო ვერძეულის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ექსპერტიზის დასკვნის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს პატრულ ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერებს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე შსს-მ ყველანაირ წინასწარ ვერსიებზე საუბრისგან თავი უნდა შეიკავოს და გამოძიებაზე უნდა ისაუბროს იმ ორგანომ, რომელიც საქმეს იძიებს:
“ველოდებით გამოძიებას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ პირველადი საგამოძიებო მოქმედებები დროულად ჩაატაროს პროკურატურამ და საზოგადოებასაც აცნობოს შედეგების შესახებ . რამდენჯერმე ითქვა, რომ როგორც ექსპერტიზის დასკვნას ექნება დიდი მნიშვნელობა, ასევე იმ ვიდეოკადრებს, რომელიც პატრულ ინსპექტორების ფორმაზე დამაგრებულ სამხრე ვიდეოკამერაზეა. რა თქმა უნდა თვითმხილველების გამოკითხვა იქნება მნიშვნელოვანი , ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ დღის განმავლობაშ დამატებითი ინფორმაცია მოგვეპოვებინა. არის საუბარი იმაზე, რომ გარდაცვლილ პიროვნება რამდენიმე წუთის განმავლობაშ ითხოვდა დახმარებას, თუმცა ეს გამოძიების დასადგენია, კონკრეტული გარემოებები რა ვითარებაში მოხდა ფაქტის განვითარება, იყო თუ არა რამენაირად ეს პროვოცირებული პოლიციის ქმედებით და იყო თუ არა ისეთი ფიზიკური ძალა გამოყენებული, რამაც შეიძლება პროვოცირება გაუკეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას, ან იყო თუ არა სათანადო რეაქცია პოლიციის მხრიდან იმის შემდგ, რაც მოქალაქემ ითხოვა სამედიცინო დახმარება. წინასწარ არც ერთ ვერსიაზე არ იქნება ალბათ საუბარი სწორი, თუმცა ფაქტი ერთია, რომ დაკავების დროს მოხდა პირის გარდაცვალება, რაც მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოს და ძალიან მაღალი დამაჯერებლობით გამოძიებამ უნდა გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი. ველოდებით, რომ ვიდეოკადრები, რომელიც უნდა იყოს ამოღებული, უწყვეტ რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის”, _ აცხადებს ვერძეული.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს. კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა მომხდარის გამო შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სოფო ვერძეული ამბობს, რომ ეს პოლიტიკოსების გადასაწყვეტია:
“მე ვფიქრობ, რომ სანამ პირველადი საკითხები არ იქნება გარკვეული საქმესთან დაკავშირებით, არც ინდივიდუალური და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის აქტიურად განხილვა არ იქნება სწორი, თუმცა ეს ალბათ პოლიტიკოსების გადასაწყვეტია. თუ ისინი აყენებენ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, ჩვენი მხრიდან საუბარი იქნება მას შემდეგ რაც უფრო მეტი ფაქტობრივი მონაცემი იქნება ამ საქმესთან დაკავშირებით ცნობილი. ამ ეტაპზე ნებისმიერი მოსაზრება ალბათ იქნება დაუსაბუთებელი. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ თავად პოლიციის უწყებამ თავი უნდა შეიკავოს წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან, რისი მცდელობაც მათ ჰქონდათ. უნდა დაველოდოთ პროკურატურას და იმედი მაქვს, რომ ეს საქმე არ იქნება იმ საქმეების სიაში, რომლებზეც გამოძიებაც იწყება ხოლმე და შემდეგ არასდროს არ სრულდება და საზოგადოებისთვის შედეგები არ ხდება ცნობილი”.