საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპინტის გურამ კაშიას ქმედება, რომელმაც თამაშის დროს ლგბტ სამკლაური გაიკეთა მიუღებელია:
“მე მხარს ვუჭერ ადამიანის უფლებებს. ეს უფლებები საქართველოში დაცულია ძალიან კარგად. ეს ჩემთვის მიუღებელია. მე მგონია, რომ ეს არის ზედმეტობა. თუ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ემუქრებოდა გუნდიდან გამოგდება, ჩემთვის ეს მიუღებელია”,- განაცხადა შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა, რის გამოც საქართველოში საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდა.
კაშიას სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა. კაშიას მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში კამპანიაც დაიწყო, რომელსაც ათასობით ადამიანი შეურთდა.