გამოიყენებს თუ არა ლანჩხუთის ახალარჩეულ საკრებულოში კუთვნილ ორ სადეპუტატო მანდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამ დრომდე გაურკვეველია. როგორც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავკაცი კახა ასკურავა ამბობს, ცენტრალური ოფისის საბოლოოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.
„კონკრეტულად ერთი კახა ასკურავა გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ასე რომ იყოს, სიამოვნებით ვიტყოდი დეპუტატის მანდატზე უარს. ველოდები ცენტრალური ოფისის საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ პარტია ბოიკოტს გამოაცხადებს, მაშინ რასაკვირველია, ჩვენც არ შევალთ ლანჩხუთის საკრებულოში.
პირადად ჩემი აზრია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უპატივცემულობა იქნება ჩვენი გარეთ დარჩენა იმ მოსახლეობის მიმართ, პირველ რიგში, ვინც ხმა მოგვცა. უახლოეს ხანში პარტია ყველაფერზე ჩამოყალიბდება და დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და ყველა სიბინძურეს აეხდება ფარდა. როგორ იცით, ჩვენი პარტიის მხრიდან გასაჩივრებულია არჩევნების შედეგები. ჯერ საარჩევნო პროცესი არ დამთავრებულა“, _ ამბობს ასკურავა.